ევროპის ქვეყნები მზად არიან, უკრაინაში ჯარები გაგზავნონ, თუ პუტინი ზავს ჩაშლის - რუტე

21.12.25 19:13
ევროპის ქვეყნები მზად არიან, უკრაინაში ჯარები გაგზავნონ, თუ პუტინი ზავს ჩაშლის - რუტე

ამჟამად ჩვენ ვდგავართ ყველაზე სახიფათო პერიოდის წინაშე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა. მისი თქმით, მოკავშირეები ცდილობენ უზრუნველყონ, რომ სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკრაინა რუსეთის  თავდასხმის ობიექტი აღარასდროს გახდეს.

„პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ახალი თავდასხმა მისთვის ფატალური იქნება. ამისთვის სამი დონე არსებობს“, - აღნიშნა მან ინტერვიუში Bild-თან.

პირველი დონე უკრაინის შეიარაღებული ძალებია. მისი თქმით, ისინი საუკეთესო ფორმაში უნდა იყვნენ. დღეს ისინი შეუძლებელს ახერხებენ, თუმცა ომის დასრულების შემდეგ ან ხანგრძლივი ზავის პერიოდში ქვეყანამ დაცვის უნარი უნდა შეინარჩუნოს. მეორე დონეა ე.წ. „მსურველთა კოალიცია“, რომელსაც საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობენ, გერმანიისა და სხვა ქვეყნების მონაწილეობით. ეს კოალიცია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამატებით ყველა საჭირო რესურსს მიაწვდის, რათა პუტინმა ხელახლა თავდასხმა ვერ გაბედოს.

მესამე დონეა შეერთებული შტატები. ამჟამად მოკავშირეები და უკრაინა მუშაობენ ამ სამი კომპონენტის, უკრაინის არმიის, „მსურველთა კოალიციისა“ და აშშ-ის წვლილის გაერთიანებაზე, რათა პუტინმა მკაფიოდ გააცნობიეროს, რომ უკრაინას ვეღარასდროს შეეხება.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალად რუტემ ევროპელი მშვიდობისმყოფელების უკრაინაში გაგზავნა დაასახელა ზავის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ პუტინი კვლავ თავდასხმას გადაწყვეტს.

„შემიძლია, ვთქვა, რომ ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ უკვე მიანიშნა: თუ საჭირო გახდება, ისინი მზად არიან მონაწილეობისთვის ცოცხალი ძალითაც - ჯარებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ ‘მსურველთა კოალიციის’ კონცეფციაზე მუშაობა: როგორ იქნება განთავსება? რა მოხდება ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში და ასე შემდეგ? ყველა ეს ელემენტი ახლა დეტალურად მუშავდება“, -აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი სიახლეები