ევროპელები მზად არიან უკრაინაში ჯარები გაგზავნონ - ინტერვიუ ნატოს ხელმძღვანელთან
რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ მიუთითა, რომ საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში სამხედროების გასაგზავნად მზად არის - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნმა, მარკ რუტემ, გერმანულ მედიას Bild-ს განუცხადა.
"რა თქმა უნდა, ამჟამად დეტალებს საჯაროდ არ განვიხილავთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ მიუთითა, რომ სურვილის შემთხვევაში სამხედროების გასაგზავნად მზად არიან. ამჟამად ამ "მსურველთა კოალიციის" ზუსტი სტრუქტურის განსაზღვრაზე მუშაობა მიმდინარეობს: როგორ მოხდება ჯარების განლაგება? რა მოხდება ხმელეთზე, ზღვაში, ჰაერში, ა.შ.? ამჟამად ყველა ეს ელემენტი ირკვევა", - განაცხადა რუტემ.
ამასთან NATO-ს გენერალური მდივანი ამბპბს, რომ უსაფრთხოების გარანტიები სამ შრეს მოიაზრებს, მათ შორის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, "მსურველთა კოალიციასა" და აშშ-ს მონაწილეობასაც.
"უნდა უზრუნველვყოთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ [რუსეთი] უკრაინას აღარასდროს დაესხმება თავს. პუტინმა უნდა გაიგოს, რომ კიდევ ერთი თავდასხმა მისთვის დამანგრეველი იქნება. ამ მხრივ სამი დონე გვაქვს. პირველი დონე უკრაინის შეიარაღებული ძალებია. ისინი შესანიშნავ მდგომარეობაში უნდა იყვნენ. რა თქმა უნდა, ისინი ამ ომში არაჩვეულებრივად მუშაობენ, მაგრამ ქვეყნის დაცვა ომის ან გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც უნდა შეეძლოთ.
მეორე დონე "მსურველთა კოალიციაა", რომელსაც საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო უძღვება და რომელშიც გერმანია და სხვა ქვეყნები მონაწილეობენ. ეს კოალიცია უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს, რომ პუტინი ამას აღარასდროს გაბედავს.
მესამე დონე აშშ არის. აგვისტოში ამერიკელმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მონაწილეობა სურდა. ამჟამად ვმუშაობთ ამ სამი ელემენტის - უკრაინის შეიარაღებული ძალების, მსურველთა კოალიციისა და აშშ-ს წვლილის - იმგვარად გაერთიანებაზე, რომ პუტინი ძალიან ნათლად მიხვდეს: უკრაინას აღარასდროს უნდა შევეხო". - თქვა რუტემ.
როგორც რუტემ ასევე აღნიშნა, მიზეზი იმისა, რომ ომი კვლავ გრძელდება, პუტინია, რომელიც საკუთარი ხალხის გასაწირად მზად არის.
მისივე თქმით, ამერიკა კვლავ NATO-ს წევრად და ევროპის პარტნიორად რჩება და ევროპულ ქვეყნებს აშშ-ს ნდობა შეუძლიათ, თუმცა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ და NATO-ში მეტი წვლილი შეიტანონ.