ლავროვი ევროპას ემუქრება
რუსეთი კვლავ ამტკიცებს, რომ უკრაინა „მშვიდობისთვის მზად არ არის“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ТАСС-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთის ხელისუფლება ვერ ხედავს კიევის მზადყოფნას კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოწესრიგებას შეეხება,“ - განაცხადა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები „აგრძელებენ მცდელობას, შეცვალონ მდგომარეობა ფრონტზე". მისივე თქმით, უკრაინაში განლაგებული ევროპელი სამშვიდობოები „რუსეთის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევიან“.
ამასთან, ლავროვმა ევროპული ქვეყნები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი „რუსეთთან ომისთვის ემზადებიან და ამას არც მალავენ“.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მშვიდობის იმედი გაჩნდა, „თუმცა ევროპა და ევროკავშირი მშვიდობის მთავარ დაბრკოლებად იქცნენ“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში, ევროპას ასევე „გამანადგურებელი პასუხით“ დაემუქრა, თუმცა ამავე დროს თქვა, რომ რუსეთი თითქოს არ გეგმავს ვინმეზე შეტევას.
„ვიმეორებ კიდევ ერთხელ ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც, იმედი მაქვს, ამ ინტერვიუს აჩვენებენ: ნუ შიშობთ, თითქოს რუსეთი ვიღაცას თავს დაესხმევა“, - აღნიშნა ლავროვმა.