ზელენსკი–ტრამპის შეხვედრა - პირველი გამოხმაურებები ევროპიდან და რუსეთიდან
ფლორიდაში გამართულ შეხვედრა და შემდგომ ვიდეოკონფერენცია, სადაც მონაწილეობდნენ დონალდ ტრამპი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „მნიშვნელოვან პროგრესად“ შეაფასა. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა პლატფორმა X-ზე დაწერა.
„მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, რასაც მივესალმებით. ევროპა მზად არის გააგრძელოს თანამშრომლობა უკრაინასთან და ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, რათა ეს პროგრესი გამყარდეს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მყარი უსაფრთხოების გარანტიების არსებობას პირველი დღიდანვე,“ - დაწერა მან.
ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის პრესსპიკერმა, რომელმაც ასევე მიიღო მონაწილეობა ვიდეოკონფერენციაში, განაცხადა, რომ სტარმერმა და ევროპელმა ლიდერებმა „ხაზი გაუსვეს მტკიცე უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობას“. აღინიშნა ისიც, რომ მნიშნელოვანია ბარბაროსული ომი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს.
„პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო აქტიურად ითანამშრომლებს პარტნიორებთან, რათა შემდეგ დღეებში შენარჩუნდეს ეს დინამიკა,“ - ნათქვამია სტარმერის პრესსპიკერის განცხადებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსული მხრიდან შეხვედრას მხოლოდ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მადლობა გადაუხადა: „მთელი მსოფლიო აფასებს პრეზიდენტ ტრამპის და მისი გუნდის სამშვიდობო ძალისხმევას,“ - ნათქვამია მის შეტყობინებაში.
კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯა მელონის, პრესსამსახურმაც.
„პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ წარმოადგინეს შედეგები, რომლებიც მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში მიღწეულ იქნა, განსაკუთრებული ყურადღება კი გამახვილდა უსაფრთხოების გარანტიებზე; ასევე განსაზღვრული იქნა დარჩენილი საკითხები,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
მელონიმ ხაზი გაუსვა პარტნიორების ერთობის მნიშვნელობას მოლაპარაკებების პროცესის წინსვლის პერიოდში.
„რუსეთმა უნდა აჩვენოს პასუხისმგებლობა და მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის. კერძოდ, უნდა დააფიქსიროს ომის შეწყვეტის განზრახვა,“ - თნათქვამია იტალიის მთავრობის განცხადებაში.
ცოტა ადრე თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გაგრძელდება ორშაბათს, 29 დეკემბერს. მისი თქმით, მათ უკვე განიხილეს საკითხების დაახლოებით 95%, თუმცა ერთი პუნქტი მაინც დარჩა, სადაც აზრები გაიყო. ტრამპის აზრით, რამდენიმე კვირაში გაირკვევა, იმუშავებს თუ არა მსამშვიდობო გეგმა. მან არ გამორიცხა სამმხრივი შეხვედრაც, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მოხდება „საჭირო დროს“.