სამშვიდობო შეთანხმებაზე ტრამპის და ზელენსკის მოლაპარაკებები დღესაც გაგრძელდება

29.12.25 09:55
სამშვიდობო შეთანხმებაზე ტრამპის და ზელენსკის მოლაპარაკებები დღესაც გაგრძელდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კიდევ ერთი საუბარი ექნება. ამის შესახებ მან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა.

ტრამპის თქმით, ზელენსკისთან მათ უკვე განიხილეს საკითხების დაახლოებით 95% და ახალი შეხვედრა გაიმართება ორშაბათს, 29 დეკემბერს.

„ჩვენ ახლოს ვართ მიზანთან - შესაძლოა, ძალიან ახლოსაც. მივაღწიეთ დიდი სიზუსტის დონეს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეს შეუძლებელი ეგონა. ხვალ გავაგრძელებთ,“ - აღნიშნა თეთრი სახლის მეთაურმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებში ერთი ან ორი საკითხი დარჩა გადასაჭრელი.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის უკრაინა მოინახულოს, თუ ეს ომის დასრულებას შეუწყობს ხელს.

„მინდა, შეთანხმებას მივაღწიოთ და ეს სულაც არ გულისხმობს, რომ აუცილებლად უნდა გავემგზავრო… მაგრამ თუ ეს დაეხმარება, თუ გადაარჩენს თვეში 25 ათას სიცოცხლეს ან სხვა რამეს, ნამდვილად მზად ვიქნები ამისთვის,“ - აღნიშნა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, რამდენიმე კვირაში გაირკვევა, იმუშავებს თუ არა სამშვიდობო გეგმა.

„თუ ყველაფერი კარგად წავიდა. ერთ პუნქტზე გვაქვს განსხვავებული შეხედულებები. ზოგი საკითხი 35 წელი ელოდა გადაწყვეტას, ჩვენ კი რამდენიმე დღე დაგვჭირდა,“ - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, შესაძლოა შედგეს სამმხრივი შეხვედრა - მისი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით „საჭირო დროს“.