ტერიტორიების დათმობა არ შეგვიძლია, მშვიდობა გვსურს, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად - ზელენსკი

30.12.25 10:51
ტერიტორიების დათმობა არ შეგვიძლია, მშვიდობა გვსურს, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მშვიდობის მიღწევის პროცესში უკრაინას არ შეუძლია, უარი თქვას საკუთარ ტერიტორიებზე - როგორც პოლიტიკური, ისე იურიდიული და რეალური გარემოებების გამო. პრეზიდენტის განმარტებით, ასეთი ნაბიჯი წინააღმდეგობაში მოვიდოდა ქვეყნის კანონებთან, საზოგადოებრივ განწყობასთან და ფრონტზე არსებული ვითარების რეალობასთან.

Fox News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებში ყველაზე რთულ საკითხად სწორედ ტერიტორიული საკითხი დარჩა და ეს არის მთავარი თემა, სადაც უკრაინის და რუსეთის პოზიციები მკვეთრად განსხვავდება.

„ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ გავიდეთ ჩვენი ტერიტორიებიდან. ეს ჩვენს კანონს სცილდება. ეს მხოლოდ კანონს არ ეხება - იქ ხალხი ცხოვრობს, ჩვენი არმიაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ამ რეგიონებში დაახლოებით 300 000 ადამიანი ცხოვრობს, რომლებმაც დამანგრეველი შედეგები საკუთარ თავზე იწვნიეს - უამრავი დაღუპული, დაჭრილი და დაშავებული, ამიტომ ტერიტორიული საკითხი ვერ ჩაითვლება მხოლოდ ფორმალურ ან პოლიტიკურ თემად.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 20-პუნქტიანი მშვიდობის გეგმის დაახლოებით 90% უკვე შეთანხმებულია და დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე საკითხი, რომელთა შორის უმთავრესი კვლავ ტერიტორიებს უკავშირდება.

„როდესაც ვთქვი 90%, ეს სიმართლეა. არსებობს მხოლოდ ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც განსხვავებული შეხედულებები გვაქვს - ტერიტორიები. და ეს უთანხმოებები არა ამერიკელებთან, არამედ რუსებთანაა“.

რაც შეეხება შესაძლო რეფერენდუმს ტერიტორიულ საკითხებზე, ზელენსკის შეფასებით, ასეთი სცენარი ქვეყანას დადებით შედეგს ვერ მოუტანს და საზოგადოების მხარდაჭერასაც ვერ დაიმსახურებს.

„ყველას სურს მშვიდობა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. ტერიტორიებზე უარის თქმის შესახებ რეფერენდუმი უკრაინისთვის დადებითი არ იქნება“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.