პესკოვი ამტკიცებს, რომ პუტინის რეზიდენციაზე შეტევა „მოლაპარაკებების ჩასაშლელად“ დაიგეგმა

30.12.25 14:22
პესკოვი ამტკიცებს, რომ პუტინის რეზიდენციაზე შეტევა „მოლაპარაკებების ჩასაშლელად“ დაიგეგმა

კრემლი კვლავ ცდილობს უკრაინის დადანაშაულებას მიმდინარე პროცესებში და ამგვარად, საკუთარი პოზიციის გამყარებას. პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, ვლადიმირ პუტინის რეზიდენციასთან დაკავშირებული ინციდენტი ტერორისტულ აქტად შეაფასა და თქვა, რომ ამ ნაბიჯის მიზანი მოლაპარაკებების ჩაშლაა.

ნოვგოროდის ოლქში პრეზიდენტის რეზიდენციაზე დარტყმის მცდელობა ნამდვილად ტერორისტული აქტია, რომლის მიზანიც მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლაა, - თქვა პესკოვმა. 

კრემლის წარმომადგენელმა მკაცრად გააკრიტიკა დასავლური მედია და ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლებიც ინციდენტის შესახებ რუსეთის  ვერსიას ეჭვქვეშ აყენებენ.

არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე სპეციფიკური მტკიცებულებებია საჭირო, თუ ასეთი მასშტაბური დრონების შეტევა ხდება და ისინი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კოორდინირებული მუშაობის წყალობით ჩამოაგდეს, - თქვა პესკოვმა.

ის ასევე ამტკიცებს, თითქოს უკრაინის ქმედებები ხელს უშლის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მცდელობებსაც, თუმცა, მისი თქმით, ეს არ იმოქმედებს რუსეთ–ამერიკის დიალოგზე.

„რუსეთი მოლაპარაკებების პროცესიდან არ გამოვა, მაგრამ საკუთარ პოზიციას გაამკაცრებს,“ - აღნიშნა მან და დასძინა, რომ სამხედროებმა "იციან როგორ, რა დროს და რით უნდა უპასუხონ“ უკრაინის მხრიდან შესაძლო თავდასხმებს.

 

მსგავსი სიახლეები