ანექსირებულ ყირიმში პუტინის საიდუმლო სასახლე აღმოაჩინეს
ანექსირებულ ყირიმში ვლადიმერ პუტინის საიდუმლო სასახლე აღმოჩინეს - კომპლექსი ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, კონცხ აიაზე მდებარეობს.
ახალი სასახლე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდმა [FBK] აღმოჩინა, რომელიც რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული და აკრძალულია.
FBK-ს ცნობით, სასახლე თავდაპირველად უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის აგარაკად აშენდა, მაგრამ იანუკოვიჩის რუსეთში გაქცევის შემდეგ მისი ქონება ფორმალურად სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა, ყირიმის ანექსიის შემდეგ კი პუტინის მეგობარი ოლიგარქის, კოვალჩუკის ხელში აღმოჩნდა.
FBK-ს გამოძიებით, შენობები ცხრა ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს მოიცავს. ისინი სახელმწიფო და ოფშორული სახსრებით აღადგინეს, გელენჯიკში მდებარე სასახლის მოდელის მიხედვით და სამუშაოებში მინიმუმ 10 მილიარდი რუბლი დაიხარჯა.
FBK-ს ცნობით, „სამეფო“ ინტერიერის გარდა, სასახლე იმითაა გამორჩეული, რომ მასში საოპერაციო ოთახია, აღჭურვილია ლაბორატორიით, სტომატოლოგიური კაბინეტით, ფიზიოთერაპიისა და სხვა სამედიცინო აპარატურით.