რუსეთი აცხადებს, რომ 130-მდე დრონით შეუტიეს - მოსკოვის აეროპორტები დროებით დაიკეტა

04.01.26 15:00
რუსეთი აცხადებს, რომ 130-მდე დრონით შეუტიეს - მოსკოვის აეროპორტები დროებით დაიკეტა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 იანვრის ღამეს რუსეთზე,  მათ შორის მოსკოვის რეგიონზე, ათეულობით უპილოტო აპარატით იერიშები განხორციელდა.

სამინისტროს ინფორმაციით, თავდაპირველად გამოცხადდა 90 დრონის, შემდეგ კი დამატებით 42-ის ჩამოგდების შესახებ. იუწყებიან, რომ მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს 11 დრონი, მათგან სამი - დედაქალაქისკენ მიფრინავდა.

ყველაზე მეტი მოწყობილობა, რუსეთის მონაცემებით, ბრიანსკისა (37) და კურსკის (22) ოლქებში გაანეიტრალეს.

ღამით დროებით დაიკეტა მოსკოვის აეროპორტები ვნუკოვო და ჟუკოვსკი - ვნუკოვოში გადაიდო დაახლოებით 50 რეისი როგორც გამოფრენის, ისე ჩაფრენის მიმართულებით.

შეგახსენებთ, იმავე ღამით რუსეთმა უკრაინას შეუტია 52 დრონით, რომელთაგან დაახლოებით 40 ტიპის „შაჰედები“ იყო.