მადურო სასამართლოს მოლოდინში - ისტორიული პროცესი იწყება

05.01.26 20:22
მადურო სასამართლოს მოლოდინში - ისტორიული პროცესი იწყება

მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს შენობა ზუსტად ერთ საათში მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში მოექცევა. დატყვევებული ვენესუელელი დიქტატორი მის ცოლთან ერთად სასამართლოს წინაშე პირველად წარდგება. დილიდან ნიუ-იორკში უსაფრთხოების საგანგებო ზომებია მიღებული. ვრცელდება კადრები როგორ გადაჰყავთ ნიკოლას მადურო ბრუკლინის დაკავების ცენტრიდან მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში. ვენესუელელ დიქტატორს ბრალად ნარკოტერორიზმი და ამერიკის წინააღმდეგ დესტრუქციული მოწყობილობების ფლობა ედება. ვენესუელელი დიქტატორის და მისი ცოლის ბედი 92 წლის ალვინ ჰელერშეინს ჩააბარეს, მოსამართლეს, რომელიც ცნობილი 11 სექტემბრის ტერაქტის საქმის განხილვით გახდა.

ამერიკის პრეზიდენტი კი მადუროს პოლიტიკურ მემკვიდრეს ემუქრება და შტატებთან არ თანამშრომლობის შემთხვევაში დელსი როდრიგესს მძიმე შედეგებს უანონსებს. ბლუმბერგი წერს, რომ ახლა ვენესუელაზე კონტროლი ფაქტობრივად მარკო რუბიოს გადაეცა და ხელისუფლების უსაფრთხო გადაბარებამდე ამერიკის სახელმწიფო მდივანი გახდა პროცესების მთავარი კოორდინატორი. NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუბიო განმარტავს, რომ ის რაც 3 იანვარს კარაკასში მოხდა ვენესუელაში შეჭრა არ ყოფილა.

ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი შტატებთან ტონს არბილებს, თანამშრომლობის პირველ ნაბიჯს დგამს და ვაშინგტონს სპეციალურ პროგრამას სთავაზობს. დელსი როდრიგესი ამბობს, რომ ვენესუელა პრიორიტეტად მიიჩნევს ახალი, უკეთესი ურთიერთობების დამყარებას აშშ-სა და რეგიონის ქვეყნებთან. კარაკასში დარჩენილი მადუროს გუნდი კი მხარდაჭერას დელსი როდრიგესს უცხადებს.

ვინ იქნება შემდეგი? - ტრამპის გუნდის წევრი ჯო უილსონი ვენესუელელი დიქტატორის დაკავებას ეხმაურება და მსოფლიოს ავტორიტარ მმართველებს გამაფრთხილებენ სიგნალს უგზავნის. უილსონის არალეგიტიმური რეჟიმების ჩამონათვალში "ქართული ოცნებაც" მოხვდა.

რა ეფექტი ექნება ვენესუელელი დიქტატორის 13-წლიანი მმართველობის ასე დასრულებას სხვა ავტორიტარებისთვის - მუდმივი არაფერია, ყველა დიქტატორის დასასრული უმძიმესია. ამ სიტყვებით გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი მადუროს დაპატიმრებას და პრაქტიკულად მინიშნებით ეუბნება ბიძინა ივანიშვილის, რომ ერთ დღეს ისიც ძალაუფლების გარეშე დარჩება. მეხუთე პრეზიდენტს ჩამოთვლილი აქვს იმ ძლევამოსილი ადამიანების გვარები, ვინც წლების შემდეგ მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოს ფურცლებზე შემორჩნენ, ტირანული რეჟიმების მართველების სახელით.

ნიკოლას მადურო ერთ-ერთია იმ მცირე ჩამონათვალს შორის, ვინც "ქართულ ოცნებას" 26 ოქტომბრის არჩევნები უღიარა და ივანიშვილის პარტიას ე.წ ვარსკვლავური გამარჯვება მიულოცა. ვენესუელა ის ქვეყანაა, ვისაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აქვს აღიარებული. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ამ გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს, ახლა საინტერესოა დაიწყებს თუ არა ივანიშვილის პარტია არაღიარების პოლიტიკაზე მუშაობას ახალ ხელისუფლებასთან.

დეტალები ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები