უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს აშშ-მა მხარი დაუჭირა - Reuters
აშშ-მა პირველად დაუჭირა მხარი უკრაინის მოკავშირეების ფართო კოალიციას და უსაფრთხოების ახალ გარანტიებს - მათ შორის ვალდებულებებს, რომ ქვეყანას დახმარებას გაუწევს რუსეთის შესაძლო ახალი თავდასხმის შემთხვევაში. ამის შესახებ Reuters წერს „მსურველთა კოალიციის“ სამიტის შემდეგ, სადაც მონაწილეობდნენ აშშ-ის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ასევე ევროპაში ამერიკის მთავარი გენერალი ალექსუს გრინკევიჩი.
უიტკოფის თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მტკიცედ უჭერს მხარს“ ახალ უსაფრთხოების პროტოკოლებს, რომლებიც მიზნად ისახავს როგორც შესაძლო თავდასხმების შეჩერებას, ისე უკრაინის დაცვას. კუშნერის განცხადებით, თუ უკრაინა შეთანხმებას მიაღწევს, უნდა ჰქონდეს რეალური გარანტიები, რომ ომი აღარ განმეორდება.
კოალიციის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ ჩაერთვებიან ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მექანიზმში, რომელიც მოიცავს დრონებს, სენსორებსა და თანამგზავრებს - ამერიკული ჯარების უშუალო მონაწილეობის გარეშე. თუმცა საბოლოო დეტალები, მათ შორის მონიტორინგისა და დაფინანსების ფორმატი, ჯერ კიდევ შესათანხმებელია.