კოალიცია მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობის საკუთარი წილი უკრაინის უსაფრთხოებაში - მერცი

07.01.26 10:33
კოალიცია მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობის საკუთარი წილი უკრაინის უსაფრთხოებაში - მერცი

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბერლინი გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას. მისი თქმით, გერმანია მზად არის უკრაინას დაეხმაროს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც - მათ შორის ნატოს მეზობელ ტერიტორიებზე ყოფნით, თუმცა მან არ დააკონკრეტა, რა ფორმას მიიღებს ეს წარმომადგენლობა.

მერცის განცხადებით, მოლაპარაკებები ეხებოდა იმ წვლილს, რომელსაც ევროპა და პარტნიორები შეიტანენ უკრაინის უსაფრთხოებაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. მისი სიტყვებით, „მსურველთა კოალიცია“ მზად არის აიღოს პასუხისმგებლობის საკუთარი წილი, რათა უკრაინას ჰყავდეს ძლიერი არმია, რომელიც რუსეთისთვის საიმედო შემაკავებელი ფაქტორი იქნება.

კანცლერის თქმით, ქვეყნები „დაუღალავად მუშაობენ მშვიდობისთვის“, თუმცა რეალურად შეიძლება საჭირო გახდეს კომპრომისებზე წასვლა და სრული, „იდეალურად სტრუქტურირებული“ მშვიდობის მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდეს.