ტრამპმა ვენესუელას მოუწოდა, ქვეყნიდან გააძევოს რუსეთისა და ჩინეთის აგენტები - Axios
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დროებითი ვენესუელის მთავრობისგან მოითხოვს, ქვეყნიდან გააძევოს ჩინეთის, რუსეთის, ირანისა და კუბის აგენტები, - წერს Axios.
„აშშ ზეწოლას ახორციელებს ვენესუელაზე, რათა ქვეყნიდან გააძევოს ყველა ეჭვმიტანილი ჯაშუში და სხვა სადაზვერვო თანამშრომელი ჩინეთიდან, რუსეთიდან, კუბიდან და ირანიდან. ეს ნაბიჯი არ ვრცელდება ოფიციალურ დიპლომატებზე და წარმოადგენს ადმინისტრაციის მორიგ მცდელობას, აიძულოს ქვეყანა შეასრულოს აშშ-ის მოთხოვნები მას შემდეგ, რაც გასულ კვირას განხორციელდა ვენესუელის ლიდერ ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაცია,“ - წერს გამოცემა.
გარდა ამისა, ABC News-ის წყაროების ცნობით, ვენესუელამ უნდა გაწყვიტოს ეკონომიკური კავშირები ამ ოთხ ქვეყანასთან და დათანხმდეს აშშ-თან ექსკლუზიურ პარტნიორობას ნავთობის მოპოვების სფეროში - განსაკუთრებით მძიმე ნავთობის გაყიდვისას უპირატესობა ამერიკას უნდა მიანიჭოს. წყაროს თქმით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დახურულ ბრიფინგზე კონგრესის წევრებს განუცხადა, რომ მისი აზრით, აშშ შეძლებს ვენესუელაზე ზეწოლას, რადგან მის ტანკერებში ნავთობი უკვე მაქსიმუმამდეა შევსებული. რუბიოს თქმით, აშშ-ის შეფასებით, კარაკასს მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა, სანამ ფინანსური კრიზისის ზღვარს არ მიაღწევს ნავთობის გაყიდვის გარეშე.
„პრეზიდენტი ამბობს, რომ აპირებს მაქსიმალურად გამოიყენოს ბერკეტები, რათა ვენესუელის დარჩენილ ელიტას ითანამშრომლოს აშშ-სთან — არალეგალური მიგრაციის შეჩერების, ნარკოტრაფიკის დაბლოკვის, ნავთობის ინფრასტრუქტურის აღდგენისა და ისეთი ზომების მიღების გზით, რომლებიც სამართლიანი იქნება ვენესუელის ხალხისთვის,“ - განაცხადა ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.