EU-ს და ნატო-ს საზღვართან ასეთი დარტყმა ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს - სიბიგა რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ გამოყენებაზე

09.01.26 15:43
EU-ს და ნატო-ს საზღვართან ასეთი დარტყმა ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს - სიბიგა რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ გამოყენებაზე

ოფიციალური კიევი რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ გამოყენებაზე მკაცრ რეაგირებას ითხოვს - კრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ  ევროკავშირისა და ნატო-ს საზღვართან ასეთი დარტყმა ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს და ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის გამოცდას წარმოადგენს

„ამ სახიფათო დარტყმის დეტალების შესახებ დიპლომატიური არხებით ვაცნობებთ შეერთებულ შტატებს, ევროპელ პარტნიორებს, ყველა ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას. აბსურდულია, რომ რუსეთი ცდილობს ამ დარტყმის გამართლებას „პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის“ შესახებ სიყალბით, რომელიც არასდროს მომხდარა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოსკოვს ტერორისა და ომისთვის რეალური მიზეზები არ სჭირდება.

მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას, დაუყოვნებლივ გააკრიტიკონ რუსეთის ტყუილები და გააძლიერონ ზეწოლა აგრესორზე. მოვახდენთ საერთაშორისო ქმედებების ინიცირებას - გაერო-ს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომას, უკრაინა-ნატო-ს საბჭოს სხდომას, ასევე რეაგირებას ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში“, - წერს სიბიგა.

კიევზე გასულ ღამეს მიტანილი იერიშის შემდეგ, რასაც მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა, რუსეთმა უკრაინაზე „ორეშნიკით“ შეტევა დაადასტურა.

ეს რუსეთის ექსპერიმენტული, გრუნტის მოძრავი სარაკეტო კომპლექსია ამავე სახელწოდების საშუალო მანძილზე მოქმედების ბალისტიკური რაკეტით. სახელი „ორეშნიკი“ პრეზიდენტმა პუტინმა პირველად წარმოთქვა 2024 წლის 21 ნოემბერს უკრაინის ქალაქ დნეპრზე ამ რაკეტით დარტყმის შემდეგ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ეს იყო „პასუხი“ ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე „კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის“ გამო.

შეგახსენებთ, რომ რეზიდენციაზე თავდასხმა უარყოფილია როგორც უკრაინის, ისე დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ.

 

მსგავსი სიახლეები