ირანის სახელმწიფო მაუწყებელი ადასტურებს ცხედრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის ავთენტიკურობას
ირანის სახელმწიფო მაუწყებელი, IRIB-ი - ერთ-ერთი იმ რამდენიმე მედიასაშუალებიდან, რომლებისთვისაც ინტერნეტი კვლავაც ხელმისაწვდომია - აქვეყნებს ვიდეოჩანაწერს, რომელიც ასახავს ცხედრებს თეირანში მდებარე საწყობის დიდ შენობაში, თუმცა მაუწყებელი ადამიანების სიკვდილს "დემონსტრანტებს" აბრალებს.
რეპორტაჟში დაკონკრეტებული არ არის თეირანის უბანი, საწყობის მდებარეობა, ან სხვა დეტალები.
რეპორტაჟი 11 იანვარს გავრცელდა. წინა ღამით რადიო თავისუფლების ირანულმა სამსახურმა მიიღო ფოტომასალა, რომელიც, სავარაუდოდ, თეირანის ერთ-ერთი კლინიკის სიახლოვეს და მორგში იყო გადაღებული და რომელიც რამდენიმე მოკლულ ადამიანს ასახავდა, მათ შორის ცხედრებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. მოკლულთა ამოცნობისთვის ადგილზე იმყოფებოდნენ ნათესავები.
კიდევ სხვა ჩანაწერში ჩანს ოჯახები, რომლებიც დიდ დარბაზში, ათობით ცხედარს შორის ეძებენ თავიანთ ახლობლებს.
რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის ანალიზით, ერთ ადგილას ცხედრების დიდი რაოდენობით კონცენტრაცია გარკვეული ვარაუდის საფუძველს ქმნის სამთავრობო ძალების მხრიდან დემონსტრანტებზე ზეწოლის მსხვერპლთა მთელი მასშტაბის თაობაზე.
11 იანვარს გავრცელებულ სიუჟეტში IRIB-ი ადასტურებს ვიდეოჩანაწერის ავთენტურობას, თუმცა მოკლულთა "უმრავლესობის" სიკვდილს მიაწერს ხელისუფლების ოპონენტებს. მაუწყებლის კორესპონდენტი მტკიცებულების გარეშე ამბობს, რომ მსხვერპლთა უმრავლესობა "სამთავრობო ძალებს არ მოუკლავთ", თუმცა ასევე აღიარებს, რომ "მათ შორის შესაძლოა, იყვნენ ინდივიდები, რომლებიც აპირებდნენ სამართალდამცავებთან დაპირისპირებას".
11 იანვარს ირანის ადამიანის უფლებების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გავრცელებული მასალები "მიანიშნებს დემონსტრანტთა გავრცელებულ ხოცვაზე ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, განსაკუთრებით თეირანში".
წყარო: რადიოთავისუფლება