კანადის საგარეო უწყება - კანადა მამაცი ირანელი ხალხის გვერდით დგას
კანადა ირანის ხელისუფლებას მოუწოდებს, რეპრესიები შეწყვიტოს და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კანადის საგარეო მკაცრად გმობს ირანში მომიტინგეების მკვლელობების გაგრძელებას.
„ირანის რეჟიმმა საშინელი რეპრესიები და დაშინება უნდა შეწყვიტოს და პატივი სცეს საკუთარი მოქალაქეების ადამიანის უფლებებს. კანადა მამაცი ირანელი ხალხის გვერდით დგას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ირანში არეულობების დროს სულ მცირე 544 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ CNN-ი Human Rights Activists News Agency-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
მსხვერპლის უმრავლესობა მოკლულია საბრძოლო ტყვიებით ან თოფის საფანტით, უმეტესად ახლო დისტანციიდან.
სააგენტოს ცნობით, მიღებულია კიდევ 579 შეტყობინება სიკვდილის შემთხვევებზე, რომლებიც ჯერ კიდევ გამოძიების საგანია, რის შედეგადაც დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1 123-მდე იზრდება. ამასთან, დაკავებულია სულ მცირე 10 675 ადამიანი, მათ შორის 169 ბავშვი.