რეჟიმი დაკავებულების სიკვდილით დასჯას გეგმავს - ტრამპი ირანის ხელისუფლებას მძიმე დღეებს უანონსებს

12.01.26 21:00
რეჟიმი დაკავებულების სიკვდილით დასჯას გეგმავს - ტრამპი ირანის ხელისუფლებას მძიმე დღეებს უანონსებს

ირანის ქუჩები საომარ ზონას ჰგავს. ცხედრები, სისხლი და დაცლილი ტყვიის ვაზნები - ასეთია ხამეინის რეჟიმის წინააღმდეგობის 16 დღე. ირანის ქალაქებში მდგომარეობა იმაზე მძიმეა, ვიდრე ჩანს. საინფორმაციო ბლოკადის გამო, ცნობები მოკლული დემონსტრანტების შესახებ მწირია. აიათოლას რეჟიმმა ოფიციალურად 500-ზე მეტი დემონსტრანტი, არაოფიციალურად კი, სავარაუდოდ, 10 ათასამდე ადამიანი იარაღით ჩაცხრილა.

ჩაცხრილული ადამიანების გვამებით გადავსებულია ქუჩები. CNN-ი წერს, რომ საავადმყოფოებში ცხედრები ერთმანეთზე დევს, დიდი ნაწილი კი პირდაპირ ქუჩაშია და შავ პოლიეთილენის პარკებშია გახვეული, ვიდრე დახვრეტილ ცხედრებს სატვირთო მანქანები არ მოაკითხავს. ანტი-სამთავრობო გამოსვლები მე-16-ე დღეა გრძელდება, იზრდება მთავრობის მხრიდან ზეწოლის სისასტიკე და მსხვერპლის რაოდენობა.

ირანში ვითარების ესკალაციის პარალელურად, შეერთებული შტატები სამხედრო ინტერვენციას აანონსებს. ამერიკული Wall Street Journal-ი წერს, რომ დონალდ ტრამპს გენერლები გეგმას ხვალ გააცნობენ. რამაც უნდა გადაწყვიტოს, რა ფორმას მიმართავს ტრამპის ადმინისტრაცია ხამეინის რეჟიმის დასასრულებლად. ტრამპი სამხედრო შეჭრას არ გამორიცხავს. თუმცა, სამხედრო დარტყმებთან ერთად, ირანის არმიის წინააღმდეგ ფარული კიბერ იარაღისა გამოყენება და სანქციების გაზრდაც მოიაზრება.

უკვე ორ კვირაზე მეტია, ირანისა და შტატების ლიდერები ურთიერთ მუქარის რეჟიმში არიან. მზად ვართ ომისთვის, ასევე დიალოგისთვის - განაცხადა ირანის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ირკვევა, რომ ირანს ამერიკასთან ბირთვულ იარაღზე მოლაპარაკებების დაწყებაა უნდა. თუმცა, ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ამერიკის სამხედრო ინტერვენცია იქამდე მოხდეს, ვიდრე მოლაპარაკებები დაიწყება.

ამერიკის ინტერვენციას ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, კონგრესში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. დემოკრატებთან ერთად, რესპუბლიკელებიც ფიქრობენ, რომ ირანზე თავდასხმა დიდი რისკია. სენატორი მარკ ვორნერი CNN-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ თავდასხმა ირანელ ხალხს უფრო გააბრაზებს, ეს კი ხამეინის რეჟიმზე ზეწოლას შეამცირებს.

დეტალებით ინა ცარციძე

მსგავსი სიახლეები