2025 წელს უკრაინაში რუსეთის დარტყმებს დაახლოებით 2 400 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა - Bloomberg

12.01.26 23:16
2025 წელს უკრაინაში რუსეთის დარტყმებს დაახლოებით 2 400 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა - Bloomberg

2025 წელს უკრაინაში რუსეთის დარტყმებს დაახლოებით 2 400 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავდა 12 000, აღნიშნული რიცხვი წინა წელთან (2024) შედარებით 30%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" Bloomberg-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

Bloomberg-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის მარტში გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, როდესაც ისინი შეთანხმდნენ, დაეწყოთ სამშვიდობო მოლაპარაკებები, 2 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, რუსეთსა და უკრაინის დელეგაციებს შორის დაწყებული შეხვედრების შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ომის მთელი მსვლელობის განმავლობაში 40 ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა განახორციელეს. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ 2025 წლის მეორე ნახევარში რუსეთმა უკრაინაში ყოველთვიურად საშუალოდ 5 300 დრონი გაუშვა, რაც 2024 წლის საშუალო მაჩვენებელზე ხუთჯერ მეტია. 

Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მშვიდობიან მოსახლეობაში სიკვდილის შემთხვევებმა დაახლოებით 15 000-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულების რაოდენობამ 40 000-ს გადააჭარბა. დაღუპულთა შორის 758 ბავშვია.

მანამდე, უკრაინაში გაეროს სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ 2025 წელს ქვეყანაში მინიმუმ 2514 ადამიანი დაიღუპა და 12142 დაშავდა. ეს 2024 წლის მაჩვენებელზე 31%-ით და 2023 წლისაზე 70%-ით მეტია.

მსგავსი სიახლეები