აჯანყებული ქალაქები და ცხედრებით გადავსებული ქუჩები - ირანში პროტესტი მწვავდება
ირანის მოქალაქე მუჰსენ რამაზოვი უკვე მეექვსე დღეა ოჯახთან კავშირს ვერ ამყარებს. ირანის რეჟიმმა ქვეყანა ფაქტობრივად სრული საინფორმაციო ბლოკადის ქვეშ მოაქცია - მოქალაქეებს არ შეუძლიათ არც ქვეყნის შიგნით კომუნიკაცია და არც საერთაშორისო ზარების განხორციელება. საქართველოში მყოფი ირანელები კი აცხადებენ, რომ ხშირად არც კი იციან, ცოცხლები არიან თუ არა მათი ახლობლები.
ირანში მიმდინარე მასშტაბური პროტესტი უკვე მე-17 დღეა გრძელდება და მისი სიმწვავე უპრეცედენტოა. ანალიტიკოსების შეფასებით, მსგავსი მასშტაბისა და სისხლიანი დაპირისპირება აიათოლა ხამეინის წინააღმდეგ აქამდე არ ყოფილა.
პარალელურად, ირანის მხარდამჭერი აქციები თბილისშიც იმართება - ირანის საელჩოსთან ყოველდღიურად იკრიბებიან ირანის მოქალაქეები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც რეჟიმის დასრულებას ითხოვენ.
მიუხედავად იმისა, რომ ირანში ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება, ხოლო დაკავებულებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ, პროტესტი არ წყდება. მომიტინგეები აცხადებენ, რომ ქუჩებიდან არ წავლენ, სანამ ხამეინის 47-წლიანი მმართველობა არ დასრულდება.
მედია Iran International-ის ინფორმაციით, მხოლოდ 8–9 იანვრის ღამეს რეჟიმმა მინიმუმ 12 ათასი დემონსტრანტი მოკლა. ირანიდან ვრცელდება შემზარავი ფოტოები, სადაც ცხედრები შავ პარკებშია გახვეული და ქუჩებშია მიტოვებული. ვითარება იმდენად მძიმეა, რომ ბევრი ოჯახი ვერ პოულობს დაღუპულ ახლობლებს.
გუშინ ღამით, ისლამურმა რეჟიმმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ცნობილი ბოდიბილდერი და ჩემპიონი მასუდ ზარპარვარი.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.