ირანში გარდაცვლილების რაოდენობა არაოფიციალური ინფორმაციით, 20 000 -ს აღწევს - ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან
ირანში 28 დეკემბერს დაწყებული მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვი მინიმუმ 12 000-ს, ხოლო შესაძლოა 20 000-საც აღწევს. ამის შესახებ CBS News იუწყება საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
დაღუპულებისა და დაკავებულების ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, თითოეულ საავადმყოფოში დაახლოებით 1 500 გარდაცვლილია, ხოლო საერთო რიცხვი შესაძლოა 50 000-მდე გაიზარდოს.
ამავე დროს, ირანის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ მასობრივი დემონსტრაციების დროს დაახლოებით 2 000 ადამიანი დაიღუპა და მშვიდობიანი მოქალაქეების და უსაფრთხოების ძალების წევრების დაღუპვაში „ტერორისტები“ დაადანაშაულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათს შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ პირველი დაკავებული ირანელი დემონსტრანტი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ირანის ხელისუფლება გეგმავს 26 წლის ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯას, რომელსაც განაჩენი უკვე გამოუტანეს. არსებული ინფორმაციით, მას ადვოკატთან წვდომა არ ჰქონია და საქმის ხელახალი განხილვაც არ ჩატარდა.
ირანის ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, თითქოს პროტესტი კონტროლქვეშაა, სამშაბათს ქვეყნის 31 პროვინციაში 600-ზე მეტი დემონსტრაცია გაიმართა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ პირველად ოფიციალურად აღიარა დაღუპულთა დიდი რაოდენობა და განაცხადა, რომ „იარაღიანმა და ტერორისტულმა ჯგუფებმა ქვეყანა იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ ბევრი მოწამე ღმერთის წინაშე წარსდგა“. ტელევიზიის ცნობით, ოთხშაბათს გაიმართება „მოწამეებისა და უსაფრთხოების დამცველების“ დაკრძალვა, რომლებიც ბოლო კვირის განმავლობაში გამწვავებულ საპროტესტო ტალღას ემსხვერპლნენ.
ტრამპის წარმომადგენლის შეხვედრა ირანის მემკვიდრე პრინცთან
გამოცემა Axios-ის ცნობით, თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი საიდუმლოდ შეხვდა ირანის ემიგრირებულ ყოფილ მემკვიდრე პრინცს რეზა ფეჰლევს. ეს იყო პირველი მაღალი დონის შეხვედრა ირანის ოპოზიციის ლიდერსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის პროტესტების დაწყების შემდეგ. ფეჰლევი ცდილობს თავი წარმოაჩინოს როგორც „გარდამავალი ლიდერი“ რეჟიმის დაცემის შემთხვევაში. შეხვედრის დეტალები არ საჯაროვდება. რეზა ფეჰლევი არის 1979 წელს დამხობილი ირანის შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის უფროსი ვაჟი.
ინტერნეტის გათიშვა
ინტერვიუში ტელეკომპანია Al Jazeera-სთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბბას არაღჩიმ დაიცვა ხელისუფლების გადაწყვეტილება ინტერნეტის მთელ ქვეყანაში გათიშვის შესახებ, რომელიც უკვე 100 საათზე მეტია გრძელდება.
მთავრობა დემონსტრანტებთან დიალოგს აწარმოებდა. ინტერნეტი მხოლოდ მას შემდეგ გაითიშა, რაც ტერორისტული აქტები აღვკვეთეთ და მივხვდით, რომ ბრძანებები საზღვარგარეთიდან მოდიოდა.“
ზოგიერთი წყაროს ცნობით, ინტერნეტი ნაწილობრივ აღდგა, თუმცა სავარაუდოდ მხოლოდ სახელმწიფო უწყებებისთვის.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ირანზე
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა დღეს უნდა უხელმძღვანელოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ირანთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.
ახლა თეთრ სახლში ვბრუნდები, რათა ირანში არსებული მდგომარეობა განვიხილოთ. ეს მართლაც საშინელი სიტუაციაა, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, აშშ „შესაბამისად იმოქმედებს“ დაღუპულთა რაოდენობის განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
გაზეთ Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ვენსი ტრამპის ადმინისტრაციაში იმ ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელიც პრეზიდენტს მოუწოდებს ჯერ დიპლომატიური გზები სცადოს თეირანთან, ვიდრე სამხედრო ზომებს მიიღებს. თუმცა WSJ-ის ცნობით, ტრამპი უფრო მეტად სამხედრო დარტყმებისკენ იხრება.