აშშ-ს წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რეზა ფეჰლევის ფარულად შეხვდა - მედია

14.01.26 11:26
აშშ-ს წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რეზა ფეჰლევის ფარულად შეხვდა - მედია

ირანში მიმდინარე მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე, თეთრი სახლის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ირანიდან დევნილ ტახტის მემკვიდრეს, რეზა ფეჰლევის ფარულად შეხვდა - ინფორმაციას გამოცემა Axios ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ ფეჰლევი აქტიურად ცდილობს თავი შესაძლო "ტრანზიციულ ლიდერად" წარმოაჩინოს, იმ შემთხვევაში, თუ ირანში არსებული რეჟიმი დაემხობა.

Axios-ის ინფორმაციით, თავდაპირველად ტრამპის ადმინისტრაცია ფეჰლევის სერიოზულ პოლიტიკურ აქტორად არ მიიჩნევდა, თუმცა ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, რომელსაც გამოცემა ეყრდნობა, ადმინისტრაცია გაკვირვებული იყო, როდესაც დემონსტრაციებზე რეზა ფეჰლევის სახელის სკანდირება დაიწყეს. 

ამის პარალალურად, რეზა ფეჰლევმა კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა, მან ირანის არმიას ხალხის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა და გაიმეორა ტრამპის გზავნილი, რომ "დახმარება გზაშია". 

“ჩემო თანამემამულე ირანელებო, როგორც წინა მიმართვაში გითხარით, მსოფლიომ დაინახა თქვენი სიმამაცე და გაიგონა თქვენი ხმა. ახლა ისინი მოქმედებენ. ალბათ გაიგეთ  აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილი: დახმარება გზაშია.

გააგრძელეთ ბრძოლა. არ მისცეთ რეჟიმს სიტუაციის ნორმალიზების უფლება. ამდენი სისხლისღვრის შემდეგ, ჩვენსა და ამ რეჟიმს შორის სისხლის ოკეანე დგას.

ჩაინიშნეთ დამნაშავეების სახელები, ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან.
ხოლო სამხედროებს განსაკუთრებით მივმართავ: თქვენ ირანის ეროვნული არმია ხართ და არა ისლამური რესპუბლიკის. თქვენი მოვალეობა თქვენივე მოქალაქეების დაცვაა. დრო იწურება. შეუერთდით ხალხს, ახლავე"- თქვა შაჰის ვაჟმა. 

მსგავსი სიახლეები