ირანიდან გამოქცეული ექიმი რეჟიმს ამხელს: მძიმე ტყვიამფრქვევის ხმა მესმოდა
ირანის რეჟიმის მიერ დემონსტრანტების სასტიკი დარბევის შესახებ საუბრობს ირანელი ექიმი, რომელმაც ქვეყნის დატოვება შეძლო. მედიკოსი CNN-თან ჰყვება, როგორ მკურნალობდა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილ ათეულობით პაციენტს.
"ვნახე ის, რასაც მედიცინაში "მასობრივი მსხვერპლის" სიტუაციას ვუწოდებთ. ეს არის შემთხვევა, როდესაც შენი შესაძლებლობები და ინფრასტრუქტურა სამედიცინო დახმარების გასაწევად ნაკლებია, ვიდრე პაციენტების რაოდენობა" - თქვა მედიკოსმა.
მედიკოსი ამბობს, რომ საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი შეიყვანეს, რომლებიც სახეში ახლო მანძილიდან დამიზნებით იყვნენ დაჭრილები.
"9 იანვრის ღამეს სროლის ხმები ისმოდა. მე არა კალაშნიკოვის ხმა, არამედ 'დუშკას' [მძიმე ტყვიამფრქვევის] ხმა მესმოდა" - განაგრძო ექიმმა.
ქვეყნიდან გაქცეული ექიმი ჰყვება, რომ საავადმყოფოში უსაფრთხოების ძალებიც იმყოფებოდნენ და პაციენტების მონაცემებს აგროვებდნენ. მისი თქმით, ირანში "ცხოვრება პარალიზებულია".