ჩემს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სრულიად პოლიტიკური საქმეა - ტიმოშენკო

16.01.26 12:39
 ჩემს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სრულიად პოლიტიკური საქმეა  - ტიმოშენკო

უკრაინელი დეპუტატი და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში სხდომას ესწრება, სადაც მის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების ზომაზე იმსჯელებენ.

სასამართლო სხდომაზე ტიმოშენკომ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს „პოლიტიკური საქმე“ უწოდა და განაცხადა, რომ  უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც ის თანხების გადარიცხვას განიხილავს, სრულიად ფალსიფიცირებულია.

მან პირობა დადო, რომ ამას სასამართლოში დამოუკიდებელი ექსპერტიზის მეშვეობით დაამტკიცებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ იყო პარლამენტის მეორე წევრი, რომელიც გამოქვეყნებულ ჩანაწერებში მას ესაუბრება, ტიმოშენკომ უპასუხა, რომ ასეთი საუბარი არასდროს მომხდარა.

„ეს სრულიად პოლიტიკური საქმეა. ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ, არსებობის 10 წლის განმავლობაში, ერთი „დამნაშავე“ იპოვა“, - აღნიშნა ტიმოშენკომ.

მისი თქმით, ჩხრეკის დროს ჩამორთმეული თანხები მისი პირადი დანაზოგი იყო.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ კორუფციის ბრალდებით იულია ტიმოშენკოს პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები