პუტინი მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი ქურდია, ის ციხეში უნდა იჯდეს - უიკერი

16.01.26 12:50
პუტინი მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი ქურდია, ის ციხეში უნდა იჯდეს - უიკერი

პუტინი მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი ქურდია, ის ციხეში უნდა იჯდეს  - ამის შესახებ აშშ-ს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ უიკერმა კონგრესში უკრაინის სამშვიდობო პროცესის შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

უიკერმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა და თქვა, რომ აშშ-მა მუდმივი როლი უნდა შეასრულოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში - ასევე ხაზგასმით განაცხადა, რომ პუტინთან ერთ მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომმა არცერთი ქვეყნის დელეგაციამ რუს დიქტატორს ღიმილით არ უნდა უპასუხოს. 

უკრაინა არ უნდა აიძულონ, დათმოს სუვერენული ტერიტორია, რომელსაც ის იმსახურებს და ამჟამად აკონტროლებს. ასევე, პუტინმა მოლაპარაკებებით არ უნდა მიაღწიოს იმას, რის მიღწევაც ბრძოლის ველზე ვერ შეძლო. ბრძოლის ველზე კი პუტინს ბევრი იმედგაცრუებები შეემთხვა. 

ამას გარდა, აშშ-მ მუდმივი როლი უნდა შეასრულოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში. სენატმა უნდა მოახდინოს ამ გარანტიების რატიფიცირება, თუკი ოდესმე მათზე შეთანხმებას მიაღწევენ. ამასობაში, ბატონო პრეზიდენტო, უნდა დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს თავიანთი თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებაში. 

ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპს, პრეზიდენტ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს იმისთვის, რომ ისინი განაგრძობენ თანამშრომლობას კონსენსუსის მისაღწევად. სანამ ამ სასტიკი, არაპროვოცირებული ომის სამართლიანი დასასრულის ძიებაში ვართ, მოვუწოდებ ყველას ვაშინგტონში, კიევსა და ევროპის დიდებულ დედაქალაქებში, რომ შეინარჩუნონ ერთიანობა და გახსოვდეთ, ვისთან გვაქვს საქმე ვლადიმირ პუტინის სახით. 

ვლადიმირ პუტინი მოუნანიებელია. ის იყო და ყოველთვის იქნება კგბ-ს აგენტი. ის არის დიქტატორი, რომელსაც ხელები ათწლეულების განმავლობაში სისხლისღვრაში აქვს გასვრილი. ის მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი ქურდია. ომის დამნაშავე, რომელიც ამ წუთს ციხეში უნდა იჯდეს, ბატონო პრეზიდენტო, და, რა თქმა უნდა, პუტინი მატყუარაა. 

როდესაც ვლადიმირ პუტინი ამერიკელ მომლაპარაკებლებს უღიმის, ის თავს ჩვენს მეგობრად ასაღებს და ისე იქცევა, თითქოს ჩვენც გვჯერა, რომ ის ჩვენი მეგობარია. არანაირი მიზეზი არ გვაქვს, ვლადიმირ პუტინს ღიმილით ვუპასუხოთ ან სიფრთხილისა და სიძულვილის გარდა რაიმე სახით ვენდოთ. ოთხი წლის შემდეგ პუტინმა იცის, რომ რუსეთის გამარჯვება გარდაუვალი არ არის. სულ უფრო და უფრო მეტმა ამერიკელმა იცის ეს და ხედავს ამას. 

ნოემბრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების 70% არ ენდობა პუტინს იმაში, რომ ის უკრაინასთან რაიმე სამშვიდობო შეთანხმებას დაიცავს. ის იმავე ნაჭრითაა გამოჭრილი, როგორც მთელი მსოფლიოსა და ისტორიის განმავლობაში არსებული ტერორისტები. მაგალითად, მშვიდობიან მოსახლეობაზე პუტინის თავდასხმაში პარალელებს ვხედავთ ჰამასის ტერორისტებთან, რომლებიც 7 ოქტომბერს ისრაელის უბნებში დაძრწოდნენ. ტერორისტები პუტინის მეგობრები არიან. 

და არ დაგავიწყდეთ ეს - ზოგჯერ ამის შესახებ ისე არ საუბრობენ, როგორც საჭიროა - პუტინმა 20 000 უკრაინელი ბავშვი გაიტაცა და ბევრი მათგანი ტვინის გამორეცხვის სქემების მსხვერპლი გახადა", - განაცხადა უიკერმა. 

მსგავსი სიახლეები