CNN: ირანში აქციების დასარბევად ერაყიდან 5 000-მდე ტერორისტი შევიდა

16.01.26 16:25
CNN: ირანში აქციების დასარბევად ერაყიდან 5 000-მდე ტერორისტი შევიდა

ირანში აქციების დასარბევად ერაყიდან 5 000-მდე ტერორისტი (შიიტი მილიციელი ჯგუფებიდან) შევიდა  - ამის შესახებ CNN ინფორმირებულ წყაროებსა და მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

ერაყული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი გამოცემას უყვება, რომ ბოლო კვირებში თითქმის 5 000 ტერორისტი ირანში ერაყის სამხრეთში მდებარე ორი სასაზღვრო გადასასვლელიდან შევიდა - მაისანის პროვინციაში შაიბის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან და ვასიტის პროვინციაში ზურბატიას სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან.

CNN-მა კომენტარისთვის ერაყის მთავრობას და ლონდონში ირანის საელჩოს დაუკავშირდა.

ერაყის უფლებებისა და თავისუფლების ობსერვატორიის შაბათ-კვირის განცხადების თანახმად, ირანის მიერ მხარდაჭერილი ერაყელი მებრძოლების ტალღები ირანში შედიან მას შემდეგ, რაც ქვეყანაში თითქმის სამი კვირის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო.

CNN-ის მიერ ნანახი ევროპული სამხედრო დოკუმენტის მიხედვით, ირანში შესული ტერორისტების დიდი ნაწილი ისეთ ჯგუფებს განეკუთვნებიან, როგორიცაა ქათაიბ ჰეზბოლა (იგივე ჰესბოლას ბრიგადები), ჰარაკათ ჰეზბოლა ალ-ნუჯაბა, ქათაიბ საიდ ალ-შუჰადა და ბადრის ორგანიზაცია. ეს ტერორისტული დაჯგუფებები ქოლგა-სტრუქტურის ფარგლებში მოქმედებენ, რომელიც ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების (PMF) სახელითაა ცნობილი.

  • ცნობისთის ქათაიბ ჰეზბოლა, ჰარაკათ ჰეზბოლა ალ-ნუჯაბა და ქათაიბ საიდ ალ-შუჰადა აშშ-ს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად არის გამოცხადებული.

ევროპული დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული დაჯგუფებების წევრების აქტივობა ირანის რამდენიმე სენსიტიურ რაიონშია დაფიქსირებული, მათ შორის ქალაქებში, როგორიცაა ჰამადანი, სადაც ისინი პროტესტების დარბევაში იყვნენ ჩართულნი.

 

მსგავსი სიახლეები