კალასი: გრენლანდიაზე დავა ხელს ჩინეთსა და რუსეთს აძლევს

18.01.26 11:44
კალასი: გრენლანდიაზე დავა ხელს ჩინეთსა და რუსეთს აძლევს

გრენლანდიის საკითხის გამო შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ურთიერთობების გამწვავებამ შესაძლოა მოკავშირეები მთავარ ამოცანას - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შეწყვეტაში დახმარებას ჩამოაშოროს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.

მისი თქმით, არსებული დაპირისპირება ხელს მხოლოდ ჩინეთსა და რუსეთს აძლევს.

„ჩინეთი და რუსეთი, როგორც ჩანს, ახლა ხელებს იფშვნეტენ. სწორედ ისინი მიიღებენ სარგებელს მოკავშირეებს შორის უთანხმოებიდან“, - აღნიშნა დიპლომატმა.

კალასის შეფასებით, თუ გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხი რეალურად არსებობს, მისი მოგვარება ნატოს ფარგლებში შესაძლებელია, ხოლო ტარიფების დაწესებამ შესაძლოა ევროპა და შეერთებული შტატები გააღარიბოს და საერთო კეთილდღეობა შეარყიოს.

„ჩვენ ასევე ვერ დავუშვებთ, რომ ეს დავა ყურადღებას გვიფანტავდეს ჩვენი მთავარი ამოცანიდან - დავეხმაროთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შეწყვეტას“, - განაცხადა კალასმა.

მსგავსი სიახლეები