ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახებას სულ მცირე 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მომხდარ მძიმე სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. მალაგადან მადრიდის მიმართულებით მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მომავალ მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა, - იუწყება Reuters.
ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის, ოსკარ პუენტეს განცხადებით, ავარიის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მისი თქმით, განსაკუთრებულ კითხვებს აჩენს ის გარემოება, რომ მატარებელი ლიანდაგიდან სწორ მონაკვეთზე გადავიდა. მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი მიმდინარე წლის მაისში იყო განახლებული.
შემთხვევა კორდობას პროვინციაში, ადამუზის მახლობლად მოხდა. მეორე მატარებელი მადრიდიდან უელვის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავდა სულ მცირე 100 ადამიანი, მათგან 25-ის მდგომარეობა მძიმეა.
სამხედრო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაადასტურა, რომ სამაშველო და აღდგენითი სამუშაოების დასახმარებლად ავარიის ადგილთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცები არიან მობილიზებული.
ავარიის დროს პირველ მატარებელში 300-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, ხოლო მეორე მატარებელში - დაახლოებით 100 ადამიანი.