Oxfam: 2025 წელს მილიარდერების ქონებამ რეკორდულ 18,3 ტრილიონ დოლარს მიაღწია

19.01.26 10:25
Oxfam: 2025 წელს მილიარდერების ქონებამ რეკორდულ 18,3 ტრილიონ დოლარს მიაღწია

საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის 19 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2025 წლისთვის მსოფლიოს მილიარდერების ქონება 2,5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს - 18,3 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ანგარიში შვეიცარიის ქალაქ დავოსში World Economic Forum-ის დაწყებას უკავშირდება.

Oxfam-ის შეფასებით, 2020 წლის მარტიდან მილიარდერების საერთო სიმდიდრე 81%-ით არის გაზრდილი, მაშინ, როცა კაცობრიობის თითქმის ნახევარი სიღარიბეში ცხოვრობს და გლობალური ქონების მხოლოდ 0,52%-ს ფლობს. ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი საშუალო წლიურ შემოსავალს რამდენიმე წამში გამოიმუშავებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ უმდიდრესი 1% მსოფლიო სიმდიდრის თითქმის 44%-ს აკონტროლებს. Oxfam-ი აფრთხილებს, რომ უკიდურესი ეკონომიკური უთანასწორობა დემოკრატიას და სოციალურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის და მილიარდერებზე დამატებითი გადასახადების დაწესებას მოითხოვს.