აშშ გრენლანდიის კონტროლზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს - სკოტ ბესენტი

19.01.26 10:32
აშშ გრენლანდიის კონტროლზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს - სკოტ ბესენტი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გრენლანდიის კონტროლის საკითხში თავის პოზიციას არ დათმობს და აღნიშნა, რომ კონტინენტი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ზედმეტად სუსტია.

როგორც Bloomberg წერს, NBC News-თან ინტერვიუში ბესენტმა თქვა, რომ „ამერიკამ უნდა აკონტროლოს ვითარება“, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი სტრატეგიულ ზეწოლას იყენებს სასურველი შედეგის მისაღწევად.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი გრენლანდიისადმი ინტერესს ამყარებს არქტიკაში გლობალური კონკურენციით, აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის, „ოქროს გუმბათის“, შექმნის გეგმებით და ევროპის წარსული დამოკიდებულებით რუსეთის ენერგორესურსებზე, რაც, ბესენტის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის „დაფინანსებას“ ნიშნავდა.

„პრეზიდენტი ტრამპი სტრატეგიულად მოქმედებს - ის მხოლოდ მიმდინარე და მომავალ წელს კი არა, არქტიკაში შესაძლო დაპირისპირებასაც უყურებს. ჩვენ არ ვაპირებთ ეროვნული უსაფრთხოების აუთსორსინგს და არც ნახევარსფეროს უსაფრთხოების გადაბარებას სხვა ქვეყნებისთვის“, - თქვა მან.

კითხვაზე, არის თუ არა ტრამპის პოზიცია ევროპის მიმართ მოლაპარაკებების ტაქტიკა, ბესენტმა მიანიშნა, რომ პრეზიდენტი აზრს არ შეიცვლის.

„ევროპა სისუსტეს აჩვენებს, აშშ - ძალას“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ტრამპის აზრით, უსაფრთხოების გაძლიერება შეუძლებელია, თუ გრენლანდია აშშ-ის ნაწილი არ იქნება.

ზოგიერთი ევროპელი ლიდერის ვარაუდის ფონზე, თითქოს გრენლანდიის კონტროლის მცდელობა NATO-ს დასასრულს ნიშნავს, ბესენტმა  „ცრუ არჩევანად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერები გააცნობიერებენ აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგის საჭიროებას.

მსგავსი სიახლეები