"თავისუფლება არასდროს ყოფილა ასე ახლოს" - ირანის სახელმწიფო ტელეარხებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა
ირანის სახელმწიფო ტელეარხებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ჰაკერებმა ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ არხებზე გაუშვეს ირანის ყოფილი შაჰის მემკვიდრის, რეზა ფეჰლევის მიმართვა, საპროტესტო აქციების კადრები და მსოფლიო ლიდერების განცხადებები.
მედიის ინფორმაციით, არასანქცირებული ვიდეომასალა სახელმწიფო ტელეეთერში დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში გადაიცემოდა, რის შემდეგაც მაუწყებლობა აღდგა.
კიბერთავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე სახელმწიფო პროპაგანდისტულმა მედიამ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეი-ის ვიდეომიმართვა გაავრცელა. მიმართვაში მან ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და არეულობების ორგანიზებაში ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა.
ირანის ოფიციალურ უწყებებს ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებიათ, ვინ დგას კიბერთავდასხმის უკან.