ბულგარეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

19.01.26 22:05
ბულგარეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

ბულგარეთის პრეზიდენტი, რუმენ რადევი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბულგარეთის პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ დღეს, ტელევიზიით პირდაპირ ეთერში ისაუბრა. 

ხვალ, 20 იანვარს დილით, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას დავწერ. დარწმუნებული ვარ, რომ ვიცე-პრეზიდენტი ილიანა იოტოვა პრეზიდენტის პოსტზე ჩემი ღირსეული შემცვლელი იქნება," - განაცხადა რადევმა.

მედიის ცნობით, დაახლოებით 10 წუთიან მიმართვაში რადევმა არაერთხელ გააკრიტიკა "ოლიგარქია" და პოლიტიკური პარტიები ბულგარეთის "ღალატში" დაადანაშაულა.

რადევმა განაცხადა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის ცხრა წლის განმავლობაში ბულგარეთმა ევროპული ინტეგრაციის კუთხით პროგრესი განიცადა, როგორიცაა შენგენის ვიზების ზონაში შესვლა და ევროს მიღება.

რადევი ბულგარეთის მეხუთე დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია და პირველი, ვინც თანამდებობა ვადის ამოწურვამდე დატოვა.

მედია წერს, რომ მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო რადევის გადადგომას დაამტკიცებს, ვიცე-პრეზიდენტი ილიანა იოტოვამ პარლამენტში პრეზიდენტის ფიცს დადებს, რათა რადევის მეორე და ბოლო ვადის დარჩენილი ნაწილი, რომელიც 2027 წლის იანვარში დასრულდება, შეასრულოს. ეს ნაბიჯი ბულგარეთის კონსტიტუციის 97-ე მუხლის მე-3 პუნქტით არის გათვალისწინებული.