დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტრამპს: გრენლანდია არ იყიდება
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაჟღერებული წინადადება გრენლანდიის შეძენის შესახებ. ამის შესახებ იტყობინება Telegram-არხი Clash Report.
კერძოდ, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ის ეწინააღმდეგება „ადამიანებით ვაჭრობას“, რაც, მისი თქმით, ნიშნავს კუნძულის გაყიდვას ამერიკისთვის.
„დაივიწყეთ ეს. ჩვენ 2026 წელს ვცხოვრობთ. შეგიძლიათ ივაჭროთ ხალხებს შორის, მაგრამ ადამიანებით ვაჭრობა დაუშვებელია და ეს წესი ძალაში რჩება. ამიტომ დაივიწყეთ ეს გზა“, - განაცხადა რასმუსენმა.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
„მსოფლიოში არსებობს გარკვეული, განსაკუთრებული თამაშის წესები, რომელთა დარღვევაც არ შეიძლება. ერთ-ერთი მთავარი წესი კი, საბოლოოდ, სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაა“, - თქვა პოლიტიკოსმა.
გამოცემა BBC-მაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა განაცხადა: ევროპამ უნდა აჩვენოს პრეზიდენტ ტრამპს, რომ საბაჟო გადასახადების დაწესებით მუქარა „გამოსავალი არ არის“.
„ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები, რომლებიც არ უნდა გადაიკვეთოს. მუქარით შეუძლებელია გრენლანდიაზე საკუთრების უფლების მიღწევა. მე არ ვაპირებ ვითარების გამწვავებას“, - აღნიშნა მან ინტერვიუში Sky News-თან.