გრენლანდიის გარშემო შექმნილი ვითარების გამო NATO-მ აშშ-თან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა შეზღუდა - მედია
ნატოს ოფიციალური პირები უარს ამბობენ აშშ-თან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან გრენლანდიის ძალით დაკავების მუქარის გამო. ამის შესახებ წერს გამოცემა The i Paper, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის წყაროების თქმით, აქამდე სადაზვერვო და სამხედრო უწყებების თანამშრომლები ერთობლივად მოქმედებდნენ ყველა სახის საფრთხის წინააღმდეგ - პირდაპირი ომიდან დაწყებული, ფარული ოპერაციებით დამთავრებული, თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის ამბიციები გრენლანდიის შეძენასთან დაკავშირებით ძირს უთხრის ნდობას და ანგრევს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ შეთანხმებებს.
ნატოს ერთ-ერთმა ინსაიდერმა The i Paper-ს განუცხადა, რომ „ეს ქმნის დაძაბულობასა და უნდობლობას ნატოში ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს შორის“. მისი თქმით, თანამშრომლები აღარ „ურთიერთობენ ღიად“, რადგან იზრდება შიში, რომ ინფორმაცია შეიძლება ტრამპამდე მივიდეს და გამოყენებულ იქნას აშშ-ის მიერ გრენლანდიის ძალით დაკავების მცდელობისას.
ბრიტანული დაზვერვის ერთ-ერთმა წყარომ თეთრ სახლსა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობების გაუარესებას „უპრეცედენტო“ უწოდა და გააფრთხილა, რომ ტრამპის მიერ გამოწვეული „ინდივიდუალური პოლიტიკური შოკები“ სადაზვერვო სფეროში ურთიერთობებზეც მოახდენს გავლენას.
აშშ და გაერთიანებული სამეფო სადაზვერვო ინფორმაციას ცვლიან ბრიტანეთ–აშშ-ის შეთანხმების ფარგლებში, რომელსაც ხშირად „ორი თვალი“ ეწოდება, ასევე სადაზვერვო ალიანსის - „ხუთი თვალის“ ფარგლებში, რომელშიც შედიან ავსტრალია, კანადა და ახალი ზელანდია.
თუმცა, ბრიტანული დაზვერვის წყარომ The i Paper-ს განუცხადა, რომ ტრამპის ბოლო მუქარებმა გააჩინა განცდა, თითქოს დიდი ბრიტანეთი აღარ არის „ორი თვალის“ სრულფასოვანი მოკავშირე და უფრო მეტად „ევროპის უბრალოდ ნაწილად“ აღიქმება.