მაკრონი ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას არ გეგმავს - Bloomberg მიზეზებს ასახელებს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ გეგმავს შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპი მიერ შეთავაზებულ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას. ამის შესახებ, ფრანგ ლიდერთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, იუწყება სააგენტო Bloomberg. აღნიშნულია, რომ კრიტიკოსები შეშფოთებულნი არიან იმით, თითქოს ტრამპი ცდილობს შექმნას ალტერნატივა ან კონკურენტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, რომელსაც იგი დიდი ხანია აკრიტიკებს.
„მაკრონი მიიჩნევს, რომ (მშვიდობის საბჭოს — რედ.) წესდება გასცდება ღაზის საკითხს და ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით გაეროს იმ პრინციპებისა და ინსტიტუციური სტრუქტურის დაცვასთან დაკავშირებით, რომელთაც საფრანგეთი ურყევად მიიჩნევს“, - ნათქვამია მასალაში.
გამოცემა ასევე ახსენებს, რომ ტრამპის მოთხოვნით, იმ ქვეყნებმა, რომლებიც ორგანიზაციაში მუდმივი წევრობის მიღებას ისურვებენ, უნდა გადაიხადონ მინიმუმ 1 მილიარდი დოლარის ოდენობის შენატანი. წესდების პროექტის მიხედვით, ამერიკის პრეზიდენტი ამ საბჭოს პირველი თავმჯდომარე იქნება და ექნება უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილებები წევრობასთან დაკავშირებით.
„საქმის კურსში მყოფი პირების თქმით, ტრამპს სურს, რომ ხუთშაბათს დავოსში ხელი მოეწეროს საბჭოს კონსტიტუციისა და უფლებამოსილებების სრულ ტექსტს. თუმცა, დოკუმენტის ზოგიერთი პუნქტი, ე.წ. ‘წვრილი შრიფტით’, მოწვეულებს აფიქრებინებს, მიიღონ თუ არა ეს მოწვევა“, - აღნიშნავენ ავტორები.
ტრამპის მიერ შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებისთვის მიწვეულ ქვეყნებს შორის აღმოჩნდნენ ბელარუსი და რუსეთი. ამის შესახებ წერს Sky News, რომელიც აღნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინის მიწვევა ბევრს ამბობს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამოკიდებულებაზე რუსეთისა და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის მიმართ.
მასალის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტრამპი პუტინს აღარ აღიქვამს როგორც გარიყულ ფიგურას და მას პარტნიორად ხედავს. რუსი დიქტატორისთვის ეს მოწვევა ნამდვილ საჩუქარს წარმოადგენს, რადგან ის საერთაშორისო იზოლაციიდან რეაბილიტაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.