ბარსელონასთან ახლოს მატარებლის ავარიას მემანქანე ემსხვერპლა - დაშავდა 37 მგზავრი

21.01.26 09:58
ბარსელონასთან ახლოს მატარებლის ავარიას მემანქანე ემსხვერპლა - დაშავდა 37 მგზავრი

ბარსელონასთან ახლოს მომხდარ სარკინიგზო ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ათეულობით დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ძლიერი შტორმის დროს სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და დამცავ კედელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა მატარებლის მემანქანე, ხოლო დაშავდა სულ მცირე 37 მგზავრი, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

კატალონიის საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია დროულად განხორციელდა და მატარებლიდან ყველა მგზავრი უვნებლად გამოიყვანეს. ამის შესახებ განაცხადა რეგიონალური სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა, კლაუდი გალარდომ.

ავარია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში განვითარდა იმ დროს, როდესაც ესპანეთის რამდენიმე რეგიონში ამინდის მკვეთრი გაუარესება ფიქსირდება. მეტეოროლოგიური სამსახურის გაფრთხილებით, აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო ზონებში საფრთხის მაღალი დონე მოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ ეს იზოლირებული შემთხვევა არ არის - სამშაბათს ბარსელონას სამგზავრო ქსელში კიდევ ერთი მატარებელი გადავიდა ლიანდაგიდან, ბლანესსა და მაჩანეტ-მასანესს შორის მონაკვეთზე. ამ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბოლო დღეებში ესპანეთის სარკინიგზო სისტემას მძიმე დარტყმები მიადგა. ორი დღის წინ ანდალუსიაში, ქალაქ ადამუზთან, ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახებას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რაც ქვეყანაში უსაფრთხოების საკითხებზე მწვავე კითხვებს აჩენს.