ევროკავშირმა რუსი დიპლომატებისთვის შენგენის ზონაში გადაადგილება მკაცრად შეზღუდა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი აამოქმედა, რომლის ფარგლებში რუსი დიპლომატების გადაადგილება შენგენის ზონაში მკაცრად იზღუდება. ახალი წესების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საელჩოებსა და საკონსულოებში არიან დასაქმებული, ვალდებული იქნებიან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მინიმუმ 24 საათით ადრე აცნობონ შენგენის ზონაში შესვლის მიზანი.
შეზღუდვები ვრცელდება დიპლომატების ოჯახის წევრებზეც. შედეგად, რუსი დიპლომატები შენგენის ზონაში თავისუფალ გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ.
ბრიუსელში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით მიიღეს. ევროკავშირის შეფასებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები დიპლომატიურ საქმიანობას დაზვერვით საქმიანობას უთავსებდნენ.