რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრა დაზიანდა
რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევის შედეგად, დაზიანდა კიევ-პეჩერის ლავრა - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
ინფორმაციას ადასტურებს ლავრის ეროვნული ნაკრძალის გენერალური დირექტორი მაქსიმ ოსტაპენკო, რომელმაც ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქს-უკრაინას განუცხადა. მისი თქმით, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ლავრის ობიექტები პირდაპირ სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზიანდა.
ოსტაპენკოს ინფორმაციით, აფეთქების ტალღამ დააზიანა ლავრის №66 კორპუსი - მღვიმეების კომპლექსის შესასვლელი და №67 კორპუსი - ხარების ეკლესია. დაზიანებულია კარ-ფანჯრები და ნალესის ნაწილი.
გენერალური დირექტორის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლავრამ პირდაპირი დაზიანება მიიღო საჰაერო აფეთქების შედეგად; წინა შემთხვევებში ზიანი ჩამოგდებული ობიექტების ნამსხვრევებით იყო გამოწვეული.
ელექტროენერგიის გათიშვის გამო სეისმურმა სენსორმა არ იმუშავა, რის გამოც აფეთქების სრული ზემოქმედების შეფასება ამ ეტაპზე შეუძლებელია.