რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა - არის მსხვერპლი
გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს. დაფიქსირდა მოხვედრები მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებსა და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, არის მსხვერპლი.
კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნიკოლაი კალაშნიკის ინფორმაციით, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა ხანძარი გჩანდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეტევის შედეგად ორი ადამიანი — კაცი და ქალი დაიღუპა.
„კიდევ ოთხმა ადამიანმა მიმართა სამედიცინო დახმარებას. ახალგაზრდა ქალსა და ორ ბავშვს მწვავე სტრესული რეაქცია აღენიშნებოდა, ხოლო ერთმა მამაკაცმა კვამლით მოწამვლა მიიღო“, - განაცხადა კალაშნიკმა.
რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს ასევე კრივოი როგზე. ამის შესახებ ქალაქის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ ალექსანდრ ვილკულმა განაცხადა.
„ქალაქის ინფრასტრუქტურის ობიექტზე განხორციელებული ბალისტიკური სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი - 51 წლის ქალი და 60 წლის კაცი. ექიმები მათ სრულ სამედიცინო დახმარებას უწევენ“, - დაწერა ვილკულმა.
გარდა ამისა, რუსებმა დაარტყეს ზაპოროჟიეს, სადაც ჭურვი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა.
ზაპოროჟიეს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, დაზიანებულია 100-ზე მეტი ბინა და 20 ავტომობილი, გაჩნდა ხანძარი. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.