ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, ვნახოთ, რა მოხდება
ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.
„“ამ წუთებში ერთი მშვენიერი არმადა მიცურავს ირანისკენ, ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება. იმედი მაქვს, ისინი შეთანხმებას დადებენ.
ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.