ირანისკენ უფრო დიდი არმადა მიემართება, ვიდრე ვენესუელაში გავგზავნეთ – ტრამპი

29.01.26 10:07
ირანისკენ უფრო დიდი არმადა მიემართება, ვიდრე ვენესუელაში გავგზავნეთ – ტრამპი

ირანისკენ იმაზე უფრო ძლიერი სამხედრო ძალა მიემართება, ვიდრე ვენესუელაში ჰყავდათ გაგზავნილი - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ში დაწერა.

„უზარმაზარი არმადა მიემართება ირანისკენ. ის მოძრაობს სწრაფად, დიდი ძალით, ენთუზიაზმითა და მიზანდასახულობით. ეს არის იმაზე დიდი ფლოტი, დიდებული ავიამზიდის, „აბრაამ ლინკოლნის“ მეთაურობით, ვიდრე ის, რაც ვენესუელაში გაიგზავნა. ისევე როგორც ვენესუელას შემთხვევაში, ის მზად არის, სურს და შეუძლია სწრაფად შეასრულოს თავისი მისია, სისწრაფითა და ძალის გამოყენებით, თუკი ეს საჭირო გახდება.

იმედია, ირანი სწრაფად „დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან“ და გააფორმებს სამართლიან და თანასწორუფლებიან შეთანხმებას — არავითარი ბირთვული იარაღი — ისეთს, რომელიც კარგი იქნება ყველა მხარისთვის. დრო იწურება, მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს! როგორც ადრე ვუთხარი ირანს, დადეთ შეთანხმება! მათ ეს არ გააკეთეს და მოხდა ოპერაცია Midnight Hammer (შუაღამის ჩაქუჩი) — ირანის მასშტაბური განადგურება. შემდეგი შეტევა გაცილებით უარესი იქნება! ნუ დაუშვებთ, რომ ეს კვლავ განმეორდეს“, – დაწერა ტრამპმა.

თავის მხრივ ირანი აცხადებს, რომ ზეწოლის პირობებში მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება. ირანელი მაღალჩინოსნების განცხადებით, აშშ-ის ნებისმიერი თავდასხმა „სწრაფ და ყოვლისმომცველ“ პასუხს გამოიწვევს.

მსგავსი სიახლეები