EU-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა და “რევოლუციური გვარდია” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

29.01.26 21:25
EU-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა და “რევოლუციური გვარდია” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღეს.

ეს ზომა პასუხია ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების სასტიკ ჩახშობასა და ირანის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის მხარდაჭერის გაგრძელებაზე.

ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

“[ევროკავშირის] საბჭომ დღეს შემზღუდველი ზომები დაუწესა დამატებით 15 ფიზიკურ და ექვს იურიდიულ პირს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ირანში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, რაც მშვიდობიანი პროტესტების ძალადობრივად ჩახშობას მოყვა, მათ შორის ძალადობის გამოყენებაზე, უკანონო დაკავებებზე, დემონსტრანტების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ დაშინების ტაქტიკებზე”, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, 29 იანვარს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ "გუშაგთა კორპუსი" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანონ.

დასანქცირებული არიან ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი ესკანდარ მომენი, გენერალური პროკურორი მოჰამად მოვახედი-აზადი და თავმჯდომარე მოსამართლე იმან აფშარი. ასევე, დასანქცირებული არიან “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” რამდენიმე მეთაური და პოლიციის მაღალი რანგის ოფიცრები.

“ირანის მიერ რუსეთის აგრესიული ომის სამხედრო მხარდაჭერა პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის. დღეს, [ევროკავშირის] საბჭომ შემზღუდველი ზომები დაუწესა ოთხ ფიზიკურ და ექვს იურიდიულ პირს, კონკრეტული ფოკუსით ირანის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამაზე დრონების განვითარებასა და წარმოებაზე”, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები