ზელენსკიმ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსეთისთვის დრონების და რაკეტების კომპონენტებს ამზადებენ

08.02.26 15:53
ზელენსკიმ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსეთისთვის დრონების და რაკეტების კომპონენტებს ამზადებენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსეთისთვის გადასაცემად დრონებისა და რაკეტების კომპონენტებს ამზადებენ.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთის მასშტაბური დარტყმებისთვის გამოყენებული იარაღის წარმოება, შეუძლებელი იქნებოდა უცხოური კრიტიკული კომპონენტების გარეშე.

„რუსეთმა კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმა განახორციელა უკრაინაზე: 400-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 40 რაკეტა. ამ იარაღის წარმოება შეუძლებელი იქნებოდა უცხოური კრიტიკული კომპონენტების გარეშე, რომელთა მოპოვებასაც რუსები სანქციების მიუხედავად აგრძელებენ. სწორედ ასეთი კომპანიების, რაკეტებისა  და დრონების კომპონენტების მიმწოდებლებისა და მწარმოებლების წინააღმდეგ ვაწესებთ ახალ სანქციებს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ამასთან, ზელენსკის თქმით, დამატებითი სანქციები დააწესა რუსეთის ფინანსური სექტორის წინააღმდეგ. კერძოდ, კომპანიების წინააღმდეგ, რომელთა მეშვეობითაც რუსული რაკეტებისა და დრონების წარმოებაში გამოყენებული კომპონენტების მიწოდებისთვის თანხების გადახდა ხდება.