Bloomberg: სანქციების ფონზე რუსეთში ნავთობის მოპოვება ზედიზედ მეორე თვეა მცირდება
რუსეთში ნავთობის მოპოვება ზედიზედ მეორე თვეა მცირდება. მიზეზი აშშ-ის სანქციებით გამოწვეული სირთულეებია, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე რუსული ნავთობის რეალიზაციას უკავშირდება. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
გამოცემის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში რუსეთი დღეში საშუალოდ 9,28 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებდა, რაც დეკემბერთან შედარებით 46 ათასი ბარელით ნაკლებია. შემცირება დაემთხვა იმ პერიოდს, როცა აშშ-მა სანქციები დაუწესა „ლუკოილს“, „როსნეფტს“ და მათ შვილობილ კომპანიებს.
ამავე ფონზე, ინდოეთმა იანვარში რუსეთიდან ნავთობის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა. ოფიციალურად უცნობია, სრულად შეწყვიტა თუ არა ნიუ-დელიმ რუსული ნავთობის შესყიდვა, თუმცა ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ათზე მეტი ტანკერი რჩება ნავთობით, რომელსაც მყიდველი ჯერ არ ჰყავს.
ნავთობის მოპოვების კლება სერიოზულ რისკს ქმნის რუსეთის ბიუჯეტისთვის: 2025 წელს ნავთობისა და გაზის სექტორზე ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 23% მოდიოდა, ხოლო 2026 წლის იანვარში ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ხუთწლიან მინიმუმამდე დაეცა.
დამატებით პრობლემას ქმნის უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები - შეფასებით, 2025 წელს ასეთი შეტევების რაოდენობამ დაახლოებით 120-ს მიაღწია, ხოლო ზარალმა ტრილიონ რუბლს გადააჭარბა.