"თქვენი დაკარგვა არ გვინდა" - მერცი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს
თქვენი დაკარგვა არ გვინდა - ასე მიმართა გერმანიის კანცლერმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლიას ფრიდრიხ მერცმა მონტენეგროს მაგლითზე ახსნა, რამდენად საჭიროა, რომ მსურველებმა მოინდომონ და მეტი გააკეთონ იმისთვის, რომ ევროკავშირს დაუახლოვდნენ.
მერცის მთავარი გზავნილი დანარჩენი მსოფლიოსთვის ერთიანობა იყო. გაერთიანება იმისთვის რომ შემცირდეს, რუსულ-ჩინური საშიში გავლენები.
„დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის ეპოქაში, შეერთებული შტატებიც კი ვერ იქნება საკმარისად ძლიერი, რომ მარტო იმოქმედოს. ატლანტიკის ორივე მხარეს უნდა გავაცნობიეროთ, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ. ასე რომ, მოდით ერთად აღვადგინოთ და გამოვაცოცხლოთ ტრანსატლანტიკური ნდობა“, - განაცხადა მერცმა.
მისი თქმით, თავისუფლება, რომლითაც ევროპის კონტინენტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სარგებლობს, „აღარ არის მოცემულობა“.
მისივე თქმით, უნდა მოხდეს ევროპის უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალის სრულად რეალიზება, თუ ბლოკს სურს, გლობალურ გამოწვევებს გაუმკლავდეს.
მერცმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 10-ჯერ აღემატება რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას, ბლოკის გლობალური გავლენა ამ მაჩვენებელს არ ასახავს.
„ჩვენი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური პოტენციალი უზარმაზარია, მაგრამ ჩვენ დიდი ხანია არ გამოგვიყენებია ის საჭირო დონით. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ახლა ჩვენს გონებაში გადართვა მოვახდინოთ“, - აღნიშნა მერცმა.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მეტი ქვეყნის გასაწევრიანებლად ახალი სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო.
მერცმა უპასუხა მონტენეგროს პრეზიდენტის, იაკოვ მილატოვიჩის კითხვას, შეძლებს თუ არა ევროკავშირის გაფართოება ევროპის გლობალური კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
„დიახ. ჩვენ ბევრ ქვეყანას დავპირდით ევროკავშირში გაწევრიანებას და გულწრფელად რომ ვთქვა, სულ უფრო და უფრო არაკომფორტულად ვგრძნობ თავს თქვენი ქვეყნების მიმართ ჩვენი მიდგომით. არ მინდა თქვენი დაკარგვა. თქვენ ევროპის კონტინენტის ნაწილი ხართ და შესაბამისად, პოტენციურად ევროკავშირის ნაწილიც ხართ“, - აღნიშნა მერცმა.