ევროპა უფრო დამოუკიდებელი უნდა იყოს - ევროკომისიის პრეზიდენტი
დამოუკიდებელი ევროპა ძლიერი ევროპაა - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და დასძინა, რომ "გლობალური კრიზისების ფონზე ევროპა უფრო დამოუკიდებელი უნდა იყოს".
„ევროპა დამოუკიდებელი უნდა იყოს ყველა იმ თვალსაზრისით, რომელიც უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, თავდაცვას, ენერგეტიკას, ეკონომიკას, ვაჭრობას, მინერალებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს ეხება. დამოუკიდებელი ევროპა ძლიერი ევროპაა. ძლიერი ევროპა კი უფრო ძლიერ ტრანსატლანტიკურ ალიანსს ნიშნავს. ათწლეულების განმავლობაში ევროპის უსაფრთხოება ჩვენს მთავარ პასუხისმგებლობად არ განიხილებოდა, მაგრამ ეს სრულიად შეიცვალა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის მიერ გადაიარაღებისა და უკრაინის მხარდამჭერი პროგრამების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს ევროპის „გამოღვიძება“ უწოდა.
„საერთო თავდაცვა არასავალდებულო დებულება არ არის. ეს ჩვენი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას წარმოადგენს. ჩვენი კოლექტიური ვალდებულებაა, რომ აგრესიის შემთხვევაში ერთმანეთის გვერდით დავდგეთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.