ალიევი: რუსეთმა კიევში აზერბაიჯანის საელჩოს სამჯერ დაარტყა, ეს არამეგობრული ნაბიჯია
ომის პერიოდში რუსეთმა არაერთხელ შეუტია კიევში აზერბაიჯანის საელჩოს და აზერბაიჯანელი მფლობელების კუთვნილ ენერგეტიკულ ობიექტებს. ეს თავდასხმები მიზანმიმართული იყო, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ კომენტარში.
„აზერბაიჯანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინაში სამი შეტევა განხორციელდა, ასევე სამჯერ მოხდა შეტევა უკრაინაში აზერბაიჯანის საელჩოზე“, – თქვა მან.
ალიევის თქმით, პირველი თავდასხმის შემდეგ ბაქოში ივარაუდეს, რომ ეს შეიძლებოდა შემთხვევითობა ყოფილიყო და ამიტომ მოსკოვს გადასცეს აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლობების ზუსტი კოორდინატები უკრაინაში, „საკონსულო განყოფილების, კულტურული ცენტრების და სხვა ობიექტების ჩათვლით“, რათა მომავალში შემთხვევითი მოხვედრები თავიდან აეცილებინათ.
„ამის მიუხედავად, კიდევ ორი თავდასხმა მოხდა. ამიტომ ეს იყო აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე მიზანმიმართული შეტევა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ალიევმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსული დარტყმები აზერბაიჯანულ ობიექტებზე უკრაინაში „უდავოდ აღიქმება როგორც აზერბაიჯანის მიმართ არამეგობრული ნაბიჯი“.