აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში ასახელებს მიზეზს, რატომ არ ეწვია ჯეი დი ვენსი თბილისს

17.02.26 16:58
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში ასახელებს მიზეზს, რატომ არ ეწვია ჯეი დი ვენსი თბილისს

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი განმარტავს, რატომ არ ეწვია ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თბილისს სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში. კელის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად, საქართველო ვაშინგტონისთვის სანდო პარტნიორი აღარ არის.

მისი განცხადებით, ბოლო წლებში მიღებულმა საგარეო-პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის ჩინეთთან და ირანთან ურთიერთობის გაღრმავებამ, გავლენა მოახდინა აშშ-სთან თანამშრომლობაზე.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ დასავლური კურსის შეცვლა აირჩია. ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, სახელმწიფო მდივანმა პომპეომ მოუწოდა თბილისს, გაეგრძელებინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დასავლურ კონსორციუმთან პარტნიორობით და აღნიშნა, რომ ჩინეთს „საქართველოს ინტერესები არ ადარდებდა“.

რა გააკეთა თბილისმა? გააუქმა დასავლური კონტრაქტი და ის ჩინელების შემადგენლობით შექმნილ კონსორციუმს გადასცა. პრემიერ-მინისტრმა ასევე მოაწერა ხელი სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან, პარალელურად აშშ-ს აბრალებდნენ, რომ „გლობალურ ომის პარტია“ იყო, ჩინეთს კი აქებდნენ, როგორც „მშვიდობისა და პროგრესის მოდელად“ წარმოაჩენდნენ.

ეს არ არის კურსის შეცვლის ერთადერთი შემთხვევა. მთავრობა ასევე დაუახლოვდა ირანს; კობახიძე და სხვები ოფიციალური ვიზიტებით იმყოფებოდნენ თეირანში, ხოლო [ხელისუფლების] წარმომადგენლებმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს „აშშ-ის აგრესიის“ მსხვერპლთათვის.

გასაკვირი არ არის, რომ ვიცე-პრეზიდენტმა თბილისს გვერდი აუარა. აშშ-ს კვლავ სჯერა, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობისთვის სამხრეთის დერეფანი მნიშვნელოვანია, თუმცა არა თბილისის გავლით. საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონისთვის აღარ არის სანდო პარტნიორი. „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა თავისი არჩევანი და ახლა მასთან ერთად მოუწევს ცხოვრება“, – წერს იან კელი პლატფორმა X-ზე.

გასულ კვირას ვენსი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვია, თუმცა საქართველო მის მარშრუტში არ ყოფილა.