„მშვიდობის საბჭოს“ პირველი სხდომა ვაშინგტონში - რუსეთი, ჩინეთი და ბელარუსი შეხვედრას არ დაესწრნენ
აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით, ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი შეხვედრა ჩატარდა, სადაც დაახლოებით 40 ქვეყნის ლიდერმა მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების დასრულების გზებზე იმსჯელა.
შეხვედრას არ დასწრებიან რუსეთის, ჩინეთისა და ბელარუსის წარმომადგენლები. გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა მოწვევა მიიღო, თუმცა წინასწარ განაცხადა, რომ მონაწილეობას არ აპირებდა. ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარემ კი მიზეზად დატვირთული სამუშაო გრაფიკი დაასახელა.
ვაშინგტონში იმყოფებოდნენ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებიც.
ვაშინგტონში გამართულ „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მან შეხვედრა მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მიზნად ისახავს ხანგრძლივი კონფლიქტების დასრულებას. ტრამპის განცხადებით, მშვიდობის მიღწევა მარტივად სათქმელი, თუმცა რთულად განსახორციელებელი პროცესია. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე ძალისხმევაზე და საბჭოს როლზე გლობალური სტაბილურობის განმტკიცებაში.
მინახავს რამდენიმე შესანიშნავი კორპორაციული საბჭო, მაგრამ ისინი უმნიშვნელოა „მშვიდობის საბჭოსთან“ შედარებით. ეს მნიშვნელოვანი დღეა და ბევრი ადამიანი აკვირდება მას, განსაკუთრებით სხვა ქვეყნებიდან, რადგან ჩვენ ლიდერების დიდი ჯგუფი გვყავს. ორგანიზაციას „მშვიდობის საბჭო“ ჰქვია. ჩვენ მის შექმნას ვაპირებთ. ჩვენ ნამდვილად კარგ საქმეს ვაკეთებთ. ეს მარტივად სათქმელი სიტყვაა, თუმცა რთული მისი შესრულებაა. ჩვენ გვაქვს პირველი წელი, როგორიც ალბათ არასდროს ყოფილა ჩვენს ქვეყანაში, რადგან რვა ომი მოვაგვარეთ. ვფიქრობ, მეცხრე უფრო რთული აღმოჩნდა. მეგონა, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ ომის დროს არასდროს იცი, რა არის ადვილი და რა – არა. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა და ბევრ ადამიანთან დავმეგობრდი. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ქვეყანასთან ომების დასრულებაზე. ზოგიერთი ომი 32 წელი გაგრძელდა, ზოგი – 32, 34 და ერთი – 37 წელი. ეს დიდი დროა. თითოეული მათგანი დაახლოებით ორ დღეში დავასრულეთ. თუმცა ჩვენ სხვა სამუშაოც გვაქვს გასაკეთებელი და ამას ვაკეთებთ. ღაზა ძალიან რთულია. მინდა, მადლობა გადავუხადო სტივს და ჯარედს საოცარი სამუშაოსთვის; ასევე, მარკო რუბიოს და ჯეი დი ვენსს, ეს შესანიშნავი გუნდია. რაც შეეხება სომხეთს და აზერბაიჯანს. 30-წლიანი ბრძოლის შემდეგ თქვენ მიხვდით, რომ მშვიდობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. თქვენ რაღაც დიდი საქმე გააკეთეთ, თქვენ და თქვენმა ახალმა მეგობარმა. ჩვენ ეს კონფლიქტი დაახლოებით 24 საათში მოვაგვარეთ. ვფიქრობ, ისინი მეგობრები გახდნენ. 32 წლის განმავლობაში ისინი ერთმანეთს ხოცავდნენ. ოვალურ კაბინეტში მათთვის ერთმანეთის გვერდით ყოფნა ძალიან უხერხული იყო, - განაცხადა ტრამპმა.
„მშვიდობის საბჭოს“ ფორმატს გამოეხმაურა ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომარდ თოყაევი. მისი თქმით, ინიციატივა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ პერიოდში, როდესაც საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი და პრაგმატული ნაბიჯებია საჭირო. თოყაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მდგრადი მშვიდობა პრაქტიკულ, მიზანმიმართულ ქმედებებს უნდა ეფუძნებოდეს და არა მხოლოდ დეკლარაციულ განცხადებებს.
ჩვენი შეხვედრა დონალდ ტრამპის მშვიდობის საბჭოში იმ დროს იმართება, როდესაც გადამწყვეტი და პრაგმატული ქმედებები უდიდეს მნიშვნელობას იძენს. არსებითად, საქმე ეხება მდგრადი მშვიდობის დამყარებას პრაქტიკული, მიზანმიმართული ზომების მეშვეობით და არა მხოლოდ კეთილგანწყობილ სურვილებზე დაფუძნებული რეზოლუციების მქონე გაუთავებელი კონფერენციებით. ბატონო პრეზიდენტო, თქვენმა მკაფიო ხედვამ და გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის შორსმჭვრეტელმა მიდგომამ შთააგონა ჩემი ქვეყანა, გაწევრიანებულიყო მშვიდობის საბჭოში. მსოფლიოს ჯერ არ უნახავს ასეთი ინიციატივები — ეს, ფაქტობრივად, უპრეცედენტო ნაბიჯია, რადგან ინოვაციურ კონცეფციას და პროექტს წარმოადგენს. ამიტომ, ბატონო პრეზიდენტო, სრულად ვიზიარებ თქვენს რწმენას, რომ ხანგრძლივი მშვიდობა კონკრეტულ ქმედებებს უნდა ეფუძნებოდეს, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომარდ თოყაევმა.