ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს - მედია
დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, რომ მას ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს, - ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს. გამოცემა ამის შესახებ უკრაინელ ოფიციალურ პირსა და სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმირებულ კიდევ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპს სამშვიდობო შეთანხმების ზაფხულისთვის მიღწევა სურს, თუმცა უკრაინასა და რუსეთს შორის კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი უთანხმოებები.
„ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმედოვნებს, ომი წელს დასრულდება, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ომი ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს და სურს, რომ ის ერთ თვეში დასრულდეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
ტრამპსა და ზელენსკის შორის 30-წუთიანი სატელეფონო საუბარი პირველი საუბარი იყო იანვრის ბოლოს დავოსში გამართული შეხვედრის შემდეგ.
სატელეფონო საუბარი ტრამპის წარმომადგენლების, ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის, უკრაინის დელეგაციასთან ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე შედგა. საუბარში კუშნერი და უიტკოფიც მონაწილეობდნენ. გამოცეის წყაროს ცნობით, ჟენევაში, შესაძლოა, ჩავიდეს რუსეთის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევიც და აშშ-ის წარმომადგენლებს შეხვდეს.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა Axios-ს განუცხადა, რომ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტიები მისცეს.