მედია: აიათოლა ალი ხამენეი მკვდარია

01.03.26 00:00
მედია: აიათოლა ალი ხამენეი მკვდარია

საერთაშორისო და ადგილობრივი არაერთი მედიასაშუალების ცნობით, სარაკეტო დარტყმების ადგილას აიათოლა ალი ხამენეის ცხედარი იპოვეს.

ისრაელის მე-12 არხი ამტკიცებს, რომ ნანგრევებში ნაპოვნი ხამენეის ცხედრის კადრები უკვე ნახა ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ამის პარალელურად, გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი წერს, რომ აშშ-ში ისრაელის ელჩმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს აცნობა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია.

„აშშ-ში ისრაელის ელჩმა, იეჰიელ ლეიტერმა ვაშინგტონში მაღალჩინოსნებს აცნობა, რომ ხამენეი ლიკვიდირებულია“, - წერს რავიდი X-ზე.

ინფორმაცია იმის შესახებ რომ ხამენეის ცხედარი ნაპოვნია, ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემა Reuters-საც აცნობეს.

Jerusalem Post - ის თანახმად, სრაელელმა მაღალჩინოსნებმა შეიტყვეს, რომ ხამენეის ცხედარი თეირანში ისრაელის იერიშის შემდეგ შენობის ნანგრევებში იპოვეს.

ხამენეის სიკვდილზე წერს Iran International-იც. 

ირანის ხელისუფლებას აიათოლას დაღუპვის და მისი ცხედრის პოვნის შესახებ ცნობა ჯერ არ დაუდასტურებია. დღეს მთელი დღის განმავლობაში, ირანის სამთავრობო მედია აცხადებდა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი ვიდეო-მიმართვის გავრცელებისთვის ემზადებოდა, თუმცა აიათოლა ალი ხამენეი კამერებთან არ გამოჩენილა.

"ბევრი ნიშანია, რომ ხამენეი აღარ არის": 

"ბევრი ნიშანია, რომ ეს ტირანი აღარ არის. დღეს დილით ჩვენ გავანადგურეთ მაღალჩინოსნები აიათოლათა რეჟიმიდან, რევოლუციის გუშაგების მეთაურები, ბირთვული პროგრამის მაღალჩინოსნები - და ჩვენ გავაგრძელებთ. მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში დავარტყამთ ტერორის რეჟიმის კიდევ ათასობით სამიზნეს" - ამბობს ამ დროისთვის გავრცელებულ ბოლო ვიდეო-მიმართვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ. 

"ირანის ლიდერების დიდი ნაწილი აღარ არის [ცოცხალი]":

"ეს ძალიან ძლიერი დარტყმა იყო. ირანის ლიდერების დიდი ნაწილი აღარ არის [ცოცხალი]. ჩვენ ყველას შესახებ არ ვიცით, მაგრამ მათი დიდი ნაწილი აღარ არის. ჩვენმა დარტყმებმა მათ დიდი ზიანი მიაყენეს, ისინი ქმედითები აღარ არიან" - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ABC News-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, აშშ-მ და ისრაელმა ხამენეის რეზიდენციაც დაბომბეს. საპასუხოდ, ირანმა საჰაერო იერიში მიიტანა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ასევე, ისრაელზე.

86 წლის ხამენეი ირანს 1989 წლიდან მართავდა.

მსგავსი სიახლეები